ახალი ამბები

ნაცვლიშვილი: ინფორმაცია ზეწოლის შესახებ დისკრედიტაციას უკეთებს შეწყალების ინსტიტუტს

10 დეკემბერი, 2015 •
ნაცვლიშვილი: ინფორმაცია ზეწოლის შესახებ დისკრედიტაციას უკეთებს შეწყალების ინსტიტუტს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში განხორციელებული ზეწოლის შესახებ შემაშფოთებელია და აუცილებელია, მოხდეს სწრაფი რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან.

“გამოძიება უკვე დაიწყო, ვიცით, რომ დაიკითხა ბატონი ზვიად ქორიძე. ისიც თავისი საჯარო გამოსვლებში მინიშნებებს აკეთებს ღიად იმაზე, რომ რასაც ელისაშვილი ამბობს, მას გარკვეული საფუძველი აქვს. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომელიც დისკრედიტაციას უკეთებს ძალიან ჰუმანურ ინსტიტუტს. სახელმწიფო აძლევს პატიმრებს შესაძლებლობას, რომ კონკრეტული პირობების დაცვის შემთხვევაში, მათ ვადაზე ადრე დატოვონ საპატიმრო დაწესებულება და მათ მიმართ განხორციელდეს ჰუმანური აქტი. როდესაც საუბარია იმაზე, რომ ამ ინსტიტუტის ბოროტად გამოყენება შეიძლება ხდებოდეს ვინმეს მხრიდან, ზეწოლების, ზეგავლენით ვაჭრობის, სხვა სამსართალდარღვევების თუ სისხლის სამართლის დანაშაულების მეშვეობით,  ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, თუ ასეთი რამ ხდებოდა და ძალიან სერიოზულყო ამ ჩრდილს აყენებს იმ პროცესს, რომელიც არის შეწყალების პროცესი და იმ ადამიანებს, ვის შესახებ ძალიან სერიოზულ ეჭვეებს აღძრავს, ვინც შესაძლოა ჩართული ყოფილიყო ამ ზეწოლებში.

მან თქვა, რომ მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ ჩართული და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში ნდობის ქვეშ არ დადგეს ყველა მაღალი თანამდებობის პირი, ამიტომ აუცილებელია, რომ კონკრეტული პირების იდენტიფიცირება მოხდეს და თუ მართლაც გამოიკვეთება, რომ მათ ჩაიდინეს მსგავსი ტიპის დანაშაულები, ვინც არ უნდა გამოიკვეთოს გამოძიების შედეგად, რაოდენ მაღალი თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს, ის უნდა მიეცეს პასუხისგებაში,”– ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

პროკურატურაში უკვე გამოკითხეს როგორც შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი, ისე ახლანდელი თავმჯდომარე, ზვიად ქორიძე.  პროკურატურამ გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 339–ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს.

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ როცა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, მასზე კონკრეტული პატიმრის საქმის განხილვის მოთხოვნით ზეწოლა ხორციელდებოდა. მისი განცხადებით, პოლიტიკოსები კონკრეტული მსჯავრდებულების საქმის კრიტერიუმების გარეშე განხილვით იყვნენ დაინტერესებული, ამაში კი დიდი თანხები ჰქონდათ აღებული.

გარდა ამისა, ელისაშვილმა განაცხადა, რომ ზეწოლის ფაქტების შესახებ ინფორმაცია დაახლოებით 1 წლის წინ მიაწოდა როგორც მაშინდელ მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს, ასევე მის მოადგილეს, გიორგი გოგაძეს.

გიორგი გოგაძე ელისაშვილის ნათქვამს სიცრუეს უწოდებს და აცხადებს,  რომ ელისაშვილს მართლაც შეხვდა, თუმცა საუბარი შეეხებოდა არა შეწყალების კომისიას, არამედ ელისაშვილის პირად საკითხს.

შეწყალების კომისიის ახლანდელმა თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ კი კურიერთან საუბრისას განაცხადა, რომ არის ცალკეული შეტყობინებები და საუბრები, როდესაც პოლიტიკოსებს ცალკეული მსჯავრდებულების საქმეების განხილვა და დადებითად გადაწყვეტა სურთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი