ახალი ამბები

ქუმსიშვილი ჩინეთთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკების დაწყების მემორანდუმს ხელს მოაწერს

9 დეკემბერი, 2015 • 1519
ქუმსიშვილი ჩინეთთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკების დაწყების მემორანდუმს ხელს მოაწერს

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს, 9 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია, სადაც მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ჩინეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში და ხელს მოაწერს მემორანდუმს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე მოლაპარაკების დაწყების შესახებ.

გარდა ამისა, სამინისტროს ინფორმაციით, ასევე დაგეგმილია შეხვედრები ჩინეთის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და აბრეშუმის გზის ფონდში, ამასთანავე, მინისტრი შეხვედრებს გამართავს ჩინეთის ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან.

იმის შესახებ, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დაწყება იგეგმებოდა, დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისში 14–15 ოქტომბერს ჩატარებული აბრეშუმის გზის ფორუმზეც საუბრობდა. მინისტრმა მაშინ განაცხადა, რომ ქართული მხარე ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებისგან დიდ სარგებელს ელოდებოდა. მანვე აღნიშნა, რომ თუკი ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მიიღწეოდა, ქართული ღვინო ჩინურ ბაზარზე 0–თან მიახლოებული საბაჟო გადასახადით შევიდოდა და ქართველი მეწარმეები იქ დიდი ოდენობით ღვინის გაყიდვას შეძლებდნენ.

“დღეს საქართველოს ბაზარი არის გახსნილი. შესაბამისად, ჩინური ტვირთებისთვის, ჩინური საქონლისთვის არის გახსნილი და დღეს ჩინეთი არის ჩვენი სიდიდით მესამე პარტნიორი სავაჭრო ბრუნვაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ველოდებით ძალიან დიდ სარგებელს აღნიშნული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებიდან, რომელიც აუცილებლად უნდა აისახოს ჩვენს მეწარმეებზე,”– განაცხადა ქუმსიშვილმა “მოამბის” ეთერში აბრეშუმის გზის ფორუმის მიმდინარეიობის პერიოდში.

სხვადასხვა დროს ჩინეთში ვიზიტით იმყოფებოდნენ და მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ დავით საგანელიძე, ირაკლი ღარიბაშვილი, ოთარ დანელია და ა.შ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი