ახალი ამბები

ელისაშვილი: მთავარი პროკურორის მოადგილე თავდაცვის პოზიციაშია და ცრუობს

9 დეკემბერი, 2015 • 2482
ელისაშვილი: მთავარი პროკურორის მოადგილე თავდაცვის პოზიციაშია და ცრუობს

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მთავარი პროკურორის მოადგილე, გიორგი გოგაძე თავდაცვის პოზიციაშია და ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ელისაშვილს მისთვის ზეწოლასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მიუწოდებია.

“ძალიან სამარცხვინო პერსონაჟი აღმოჩნდა ჩვენი გოგაძე, რომელიც ამაოდ იღებდა ხელფასს. საშვებია დაფიქსირებული, ბადაშვილთან კაბინეტში რომ შევედი, ვიდეოკამერას ექნებოდა გადაღებული და ა.შ. უშუალოდ გოგაძემ ამიყვანა მე ერთი შეხვედრიდან ბადაშვილთან და იმ შეხვედრას ვესწრებოდით სამივე. მე მათ მივაწოდე ძალიან სერიოზული ინფორმაცია. მათ სხვა არხებიდანაც მიაწოდეს ინფორმაცია, ვინაიდან ამ დღეებში მოხდება დაკითხვა ყველასი, იმ ადამიანების მათ შორის, ზუსტად რომ მიაწოდეს ინფორმაცია პროკურატურას და მათ ყური არ შეიბერტყეს, მათ არ დაიწყეს გამოძება და აბა, რას იტყვის ახლა, ის არის თავდაცვის პოზაში გადასული და მას არ აღმოაჩნდა არც მოქალაქეობრივი შეგნება, ის არც რეალურად პროკურორი არ არის, როგორც ქვეყანას სჭირდება და უბრალოდ არის სამარცხვინო ადამიანი,”– განაცხადა ელისაშვილმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ

ელისაშვილის განცხადებით, უნდა დაიწყოს მეორე გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის გამო.

ალეკო ელისაშვილმა პროკურატურაში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამომძიებელს ყველანაირი ინფორმაცია მიაწოდა და გვარებიც დაასახელა. მანვე განაცხადა, რომ თუ გამოძიება ამ ფაქტის გახსნას არ მოინდომებს, იგი კონკრეტულ გვარებს დაასახელებს. ელისაშვილი ამბობს, რომ ამ საქმეზე სხვა მაღალჩინოსნებიც უნდა დაჰკითხონ, მათ შორის, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი.

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ როცა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, მასზე კონკრეტული პატიმრის საქმის განხილვის მოთხოვნით ზეწოლა ხორციელდებოდა. მისი განცხადებით, პოლიტიკოსები კონკრეტული მსჯავრდებულების საქმის კრიტერიუმების გარეშე განხილვით იყვნენ დაინტერესებული, ამაში კი დიდი თანხები ჰქონდათ აღებული.

შეწყალების კომისიის ახლანდელმა თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ კი გუშინ, 8 დეკემბერს, კურიერთან საუბრისას განაცხადა, რომ არის ცალკეული შეტყობინებები და საუბრები, როდესაც პოლიტიკოსებს ცალკეული მსჯავრდებულების საქმეების განხილვა და დადებითად გადაწყვეტა სურთ.

პროკურატურაში ზვიად ქორიძეც არის დაბარებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი