ახალი ამბები

გოგაძის თქმით, სიცრუეა, რომ ელისაშვილმა შეწყალების კომისიაზე ზეწოლაზე ინფორმაცია მიაწოდა

9 დეკემბერი, 2015 • 2261
გოგაძის თქმით, სიცრუეა, რომ ელისაშვილმა შეწყალების კომისიაზე ზეწოლაზე ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გოგაძემ სიცრუე უწოდა გუშინ ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ მან დაახლოებით ერთი წლის წინ მაშინდელ მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს და მოადგილეს, გიორგი გოგაძეს მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

გოგაძე აცხადებს, რომ ელისაშვილს მართლაც შეხვდა, თუმცა საუბარი შეეხებოდა არა შეწყალების კომისიას, არამედ ელისაშვილის პირად საკითხს.

“პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს განცხადება იყო სრული სიცრუე. ვინაიდან  მე მას მართლაც შევხდი იმ პერიოდში, ეს ეხებოდა პის პირად საკითხს, მისი თხოვნის შესაბამისად გავაკეთეთ ეს შეხვედრა.  მისი ახლობლის პრობლემის თაობაზე, მისი სკოლის მასწავლებელს თუ დირექტორს, რომელიც იყო დაზარალებულად ცნობილი ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე და ითხოვდა დახმარებას, რათა მისი ახლობლის მიერ დაკარგული თანხის დაბრუნებაში პროკურატურა როგორმე დახმარებოდა. ვინაიდან ეს იყო საკმაოდ დიდი ხნის საქმე, ამ შეხვედრას, მადლობა  ღმერთს,  ესწრებოდა იმ რაიონის პროკურორი, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას ამ საქმეზე.  ასევე, ესწრებოდა ჩვენი სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. შეწყალების კომისია – სიტყვა, საერთოდ ნახსენები არ ყოფილა. ამ პიროვნებას ერთხელ ვარ შეხვედრილი და ზუსტად მახსოვს, რა საკითხზე ველაპარაკე,”– განაცხადა გიორგი გოგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ როცა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, მასზე კონკრეტული პატიმრის საქმის განხილვის მოთხოვნით ზეწოლა ხორციელდებოდა. მისი განცხადებით, პოლიტიკოსები კონკრეტული მსჯავრდებულების საქმის კრიტერიუმების გარეშე განხილვით იყვნენ დაინტერესებული, ამაში კი დიდი თანხები ჰქონდათ აღებული.

შეწყალების კომისიის ახლანდელმა თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ კი კურიერთან საუბრისას განაცხადა, რომ არის ცალკეული შეტყობინებები და საუბრები, როდესაც პოლიტიკოსებს ცალკეული მსჯავრდებულების საქმეების განხილვა და დადებითად გადაწყვეტა სურთ.

შეწყალების კომისიის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები დღეს პროკურატურაში არიან დაბარებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი