ახალი ამბები

ელისაშვილი: პოლიტიკოსები კონკრეტული პატიმრების შეწყალების მოთხოვნით ზეწოლას ახორციელებდნენ

8 დეკემბერი, 2015 • 2314
ელისაშვილი: პოლიტიკოსები კონკრეტული პატიმრების შეწყალების მოთხოვნით ზეწოლას ახორციელებდნენ

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მაშინ, როდესაც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, მასზე კონკრეტული პატიმრის საქმის განხილვის მოთხოვნით ზეწოლა ხორციელდებოდა. მისი განცხადებით, პოლიტიკოსები კონკრეტული მსჯავრდებულების საქმის კრიტერიუმების გარეშე განხილვით იყვნენ დაინტერესებულები.

“იყო წარმოუდგენელი ზეწოლა სწორედ ამ პოლიტიკოსების მხრიდან და ისინი დაჟინებით ითხოვდნენ, რომ მე კრიტერიუმების მიღმა, განსაკუთრებული წესით მემესჯელა,”– ამბობს შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და თბილისის საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი.

ელისაშვილმა დღეს საღამოს ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ ხვალ, 9 დეკემბერს, 11 საათზე  პატიმრების შეწყალების კორუფციულ სქემებთან ზოგიერთი გავლენიანი პოლიტიკოსის კავშირის საკითხზე პროკურატურაშია დაბარებული. თუმცა, გუშინ იგი წერდა, რომ ამ ზეწოლის შესახებ დაახლოებით 1 წლის წინ თავად ჩააყენა საქმის კურსში მაშინდელი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი.

გადაცემა “არჩევანში” საუბრისას ალეკო ელისაშვილმა კი განაცხადა, რომ ის ადამიანები, ვინც ზეწოლას ახორციელებდა, დიდი ძალაუფლების მქონენი არიან.

ელისაშვილი 7 დეკემბერს გამოქვეყნებულ ფეისბუკის პოსტში საუბრობს იმაზეც, რომ ეს პოლიტიკოსები პატრიარქს ამოფარებულები ცდილობდნენ დიდი ფულის შოვნას პატიმრების შესაძლოს შეწყალების ლობირების გზით, საპატრიარქოს პასუხმა კი ეს გეგმები ჩაშალა:

“არადა, ზოგიერთ პოლიტიკოსს უბრალოდ შეწყალების კომისიაში ფულის კეთების არხი აქვს დიდი ხანია გადაკეტილი და ეს აწვალებს. ახლა, ხელებისფშვნეტით იფიქრეს პატრიარქს ამოფარებულებმა იქნებ როგორმე გავაცოცხლოთ ჩვენი ძველი საქმიანობაო, მაგრამ ვინ აცალა, გუშინვე საპატრიარქოს დამაზუსტებელმა, ძალიან ადეკვატურმა განცხადებამ ჩაუშალა გეგმები. რამოდენიმე პოლიტიკოსი როგორ აპირებდა დიდი ფულის შოვნას პატიმრების შესაძლო შეწყალების ლობირებით დაახლოებით ერთი წლის წინ პირადად ვუამბე ყოფილ მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს. სახელებიც ვუთხარი, გვარებიც და ყველა მონაცემიც რაც გამაჩნდა. სამწუხაროდ მტკიცებულების მოპოვება არც მაშინ შემეძლო და არც ახლა შემიძლია, ბოლო დღეების მანძილზე ძალიან რომ აქტიურობდნენ სწორედ ის რამოდენიმე პოლიტიკოსია,”– წერდა ელისაშვილი.

შეწყალების კომისიის ახლანდელი თავმჯდომარე, ზვიად ქორიძე კურიერთან აცხადებს, რომ არის ცალკეული შეტყობინებები კონკრეტული მსჯავრდებულების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შესახებ:

“არის კიდევ ცალკეული შეტყობინებები, ცალკეული საუბრები, როდესაც მათ სურთ და სურთ განსაკუთრებულად დაინტერესებულად ცალკეული მსჯავრდებულების საქმეების განხილვა და დადებითად გადაწყვეტა. ასეთი მოძალებული ინტერესი პოლიტიკოსების მხრიდან, ასეთი მოძალებული ინტერესი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მე მიამჩნია, სარისკოდ და მეტიც, საეჭვოდ,”–აღნიშნა ზვიად ქორიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი