ახალი ამბები

პროკურატურამ თაღლითობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა

7 დეკემბერი, 2015 • 1762
პროკურატურამ თაღლითობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ბრალდებით  მოქალაქე ზვიად ერემაძე დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მოქალაქეების ნდობას მოიპოვებდა, საუბრისას იყენებდა პროკურატურისა და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამდებობის პირთა სახელებს და ატყუებდა მათ, რომ ახლო მეგობრულ ურთიერთობებში იმყოფებოდა აღნიშნულ პირებთან.

პროკურატურის ცნობით, იგი მოქალაქეებს არწმუნებდა, რომ სამართლებრივი პრობლემების მოგვარების მიზნით შეხვედრებს მართავდა  სახელმწიფოს სხვადასხვა უწყების თანამდებობის პირებთან  და ამ თანამდებობის პირებისთვის ქრთამის სახით გადასაცემად ცდილობდა მოქალაქეებისთვის გამოეძალა დიდი ოდენობით ფულადი თანხა.

უწყების ცნობით, ზ. ერემაძემ ნარკოტიკული დანაშაულისათვის ბრალდებულ ერთ-ერთ პირს, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, თითქოსდა პროკურატურისა და სხვა სამართალდამცავი ორგანოების ცალკეული თანამდებობის პირებისთვის ქრთამის სახით გადასაცემად თაღლითურად გამოართვა 10 000 აშშ დოლარი.

პროკუატურის ინფორმაციით, ზ. ერემაძეს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის  მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

ბრალდებულ ერემაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი