ახალი ამბები

ერთი წელი ქუთაისის მემორიალის ტრაგედიიდან

19 დეკემბერი, 2010 •
ერთი წელი ქუთაისის მემორიალის ტრაგედიიდან

ქუთაისში საბრძოლო დიდების მემორიალის აფეთქებიდან ერთი წელიქადი გავიდა. ამასთან დაკავშირებით მოსკოვში დიდების მემორიალის ანალოგი იხსნება, სახელწოდებით – „ჩვენ ერთად ვიყავით ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“.

მოსკოვში ქუთაისში აფეთქებული დიდების მემორიალის ანალოგის დადგმის ინიციატივით რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი გამოვიდა. თავდაპირველად საუბარი იყო რუსეთში “დიდების მემორიალის” ზუსტი ასლის დადგმაზე, თუმცა მას შემდეგ, რაც ასლის დამზადებასთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა ძეგლის ავტორმა, მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილმა, რუსეთის ისტორიული მემკვიდრეობის ფონდმა კონკურსი გამოაცხადა დიდების  მემორიალის ანალოგის საუკეთესო პროექტის გამოსავლენად. კონკურსი 2010 წლის 5 აპრილიდან 25 მაისამდე მიმდინარეობდა.

ისტორიული მემკვიდრეობის ფონდის თავმჯდომარის ვიქტორ სელივერსტოვის თქმით, 30–ზე მეტმა შემოქმედებითმა ჯგუფმა წარმოადგინა პროექტი საკონსკურსოდ, მათ შორის – საქართველოდან და ბელორუსიდან.

გამარჯვებულად 12 ივლისს პროექტი “რაიხსტაგი” გამოცხადდა. პროექტი უკვე განხორციელდა მოსკოვში, “პაკლონნაია გორაზე”, სადაც აღიმართა ქუთაისის მემორიალის ბეტონის თაღოვანი კედლის მცირე მასშტაბის ანალოგი, რომელზეც მიმაგრებულია მონუმენტის სახელწოდება – „ჩვენ ერთად ვიყავით ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“.

ბეტონის კედლის წინ აღმართულია ბრინჯაოს ორი ფიგურა – სერჟანტი ეგოროვი და უმცროსი სერჟანტი ქანთარია რაიხსტაგზე დროშის აღმართვის დროს. ძეგლის ქვედა ნაწილი რელიეფურადაა მოპირკეთებული. ქვედა ნაწილის მარჯვნივ გამოსახულია ილუსტრაცია, სადაც საბჭოთა ჯარისკაცები მტრის დროშებს ყრიან კრემლის კედლის ქვეშ.

პროექტი “რაიხსტაგი” მომზადებულია ავტორთა ჯგუფის მიერ, რომლის შემადგენლობაში არიან: რუსეთის დამსახურებული მხატვარი სალავატ შერბაკოვი, რუსეთის სახალხო მხატვარი ანდრეი კოვალჩუკი და არქიტექტორი ვასილი პერფილევი.

რუსეთის ისტორიული მემკვიდრეობის ფონდის თავმჯდომარის ვიქტორ სელივერსტოვის თქმით, მოსკოვში ქუთაისში აფეთქებული ძეგლის ანალოგის აღსამართავად ფონდში შემოწირულობა 6000–ზე მეტმა კერძო პირმა და 230–ზე მეტმა ორგანიზაციამ გაიღო.

ქუთაისში საბრძოლო დიდების მემორიალი გასული წლის 19 დეკემბერს ააფეთქეს. აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა – 42 წლის ეკა ცუცხვაშვილი და მისი შვილი – 11 წლის ნინო ჯინჭარაძე. ჯინჭარაძეების ოჯახს ქუთაისის მერიამ კომპენსაციის სახით 25 ათასი ლარი გადაუხადა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურამ სამი ადამიანი დააკავა: სს “საქფეთქმერწვის” ტექნიკურ დირექტორს ავთანდილ დარსაველიძეს, ამავე კომპანიის ქუთაისის მობილური უბნის უფროსს ელგუჯა გაბადაძესა და მობილური უბნის უფროსს თენგიზ დარახველიძეს, საბრალდებო დასკვნის თანახმად, ბრალი დაედოთ მასზედ, რომ ჩაიდინეს უსაფრთხოების წესის დარღვევა სამუშაოების წარმოებისას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ავთანდილ დარსაველიძეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ელგუჯა გაბადაძეს – 3 წლის და 6 თვის ვადით, თენგიზ დარახველიძეს კი – 2 წლის ვადით. ამას გარდა, თითოეულ მათგანს 5000-5000 ლარის გადახდა დაეკისრათ ჯარიმის სახით და 3 წლის განმავლობაში აეკრძალათ აფეთქებითი საქმიანობის წარმოება.

საბრძოლო დიდების მემორიალის ადგილზე ამჟამად საქართველოს პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობას კომპანია “მაგი სტილი” აწარმოებს. მშენებლობა 2012 წელს უნდა დასრულდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი