ახალი ამბებიკომენტარი

სერგო რატიანი: სახელმწიფოს და ეკლესიის ფუნქციები არ უნდა იყოს არეული

5 დეკემბერი, 2015 • 2198
სერგო რატიანი: სახელმწიფოს და ეკლესიის ფუნქციები არ უნდა იყოს არეული

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი სერგო რატიანი აცხადებს, რომ სახელმწიფო და ეკლესია გამიჯნულია და ამის დარღვევა თანამედროვე სახელმწიფოს ფუძემდებლური პრინციპის დარღვევას ნიშნავს. ასე გამოეხმაურა ის დღეს ილია მეორის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ის ესაუბრა პრემიერს, რათა პატრიარქს პატიმრების შეწყალების უფლება მიენიჭოს.

“ჩვენ ვართ თანამედროვე სახელმწიფო, რაც გულისხმობს ეკლესიისა და პოლიტიკის გამიჯვნას. პატრიარქი ახლაც იძლევა რეკომენდაციებს, მას შეუძლია დახმარება გაუწიოს ადამიანებს და ამის საფუძველზე სახელმწიფომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება. მაგრამ ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ სახელმწიფო და ეკლესია გამიჯნულია და ამის დარღვევა ნიშნავს თანამედროვე სახელმწიფოს ფუძემდებლური პრინციპის დარღვევას. მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ის ფუნქციები, რომელიც უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს. სახელმწიფოს და ეკლესიის ფუნქციები არ უნდა იყოს არეული თანამედროვე სახელმწიფოში”, – უთხრა ნეტგაზეთს რატიანმა.

“ჩვენ გვქონდა საუბარი ბატონ პრემიერ-მინისტრთან, პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ შეიწყალოს პატიმარი”, – განაცხადა ილია მეორემ დღეს რუსთაველის თეატრში, სადაც მსჯავრდებულ ქალთა წარმოდგენა გაიმართა და რომელსაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ პატიმრების შეწყალების უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს. იმისთვის, რომ ილია მეორე მიენიჭოს ანალოგიური უფლება, აუცილებელია, რომ განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილება.

შეკითხვაზე – იმ შემთხვევაში, თუკი დადგება საკონსტიტუციო ცვლილების საკითხი, დაუჭერს თუ არა მხარს, რომ პატრიარქს მიენიჭოს პატიმრების შეწყალების უფლება, რატიანი პასუხობს: “ეს, რასაკვიველია, მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის ის თემა, რომლითაც შესაძლებელია სახელმწიფომ ეს დათმოს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი