ახალი ამბები

149-ე სკოლის დირექტორი საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება

17 დეკემბერი, 2010 •
149-ე სკოლის დირექტორი საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება

149-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ სკოლის დირექტორის გადაყენების საკითხზე გადაწყვეტილება ვერც დღევანდელ სხდომაზე მიიღო. სხდომა დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა, მაგრამ საბჭომ გენინსპექციის მიერ წარმოდგენილი შენიშვნების განხილვა დღევანდელ სხდომაზე ვერ მოასწრო.

ამის გამო საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ სხდომა შეეწყვიტათ და დარჩენილი საკითხების განხილვა ორშაბათისთვის გადადო.

საბჭომ დღეს გენინსპექციის მიერ მოწოდებული დასკვნის ნაწილი მუხლობრივად განიხილა. დასკვნაში არის შენიშვნები როგორც დირექტორის, ასევე სამეურვეო საბჭოს, დისციპლინარული საბჭოს, პედაგოგთა საბჭოს მიმართ.

როგორც სხდომაზე 149-ე საჯარო სკოლის დირექტორის იურისტმა რევაზ რიჟამაძემ განაცხადა, დასკვნაში არ არის საუბარი რაიმე ფინანსურ დარღვევებზე. დოკუმენტი, ძირითადად, ტექნიკურ საკითხებს და წვრილ დარღვევებს ეხება.

,,ისეთ დარღვევებზეა საუბარი, რომელიც გამოსწორებადია მარტივად, ამის გამო დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს’’, – განმარტა რიჟამაძემ.

სხდომის შემდეგ საბჭოს წევრთა უმრავლესობა შეთანხმდა, რომ, ჯერჯერობით, ვერ მოისმინეს ისეთი კატეგორიის დარღვევები, რომელთა გამოც, შესაძლოა, დირექტორის გათავისუფლების საკითხს მხარი დაუჭირონ. დღეს საბჭოს წევრები საკუთარ პოზიციას, დაუჭერენ თუ არა მხარს დირექტორის გადაყენების საკითხს, არ ამხელდნენ და ამბობდნენ, რომ სრული სურათისთვის და ობიექტურობისთვის, საჭიროა შენიშვნების სრულად განხილვა.

,,ამ ეტაპზე ჩემი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს შევიკავებ, მომავალი სხდომისთვის უფრო ჩამოყალიბებული ვიქნები, ალბათ’’, – ამბობს საბჭოს წევრი გულნაზი მაღრაძე.

149-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ელისო შალიტაური, რომელიც, ასევე, ესწრებოდა სხდომას, ამბობს, რომ შენიშვნები, რომლებიც წარმოდგენილი იყო, ძირითადად, სააღმზრდელო პროცესს ეხება. შალიტაურის აზრით, ასეთი შეცდომების დაშვება საქმის უცოდინარობას უკავშირდება.

,,ჩანს, ყურადღება აქვს მოდუნებული დირექტორს საქმის სრულყოფილად წარმოებაზე, ედავებიან დოკუმენტებზე, რომლებზეც ხელის მოწერა დაავიწყდა, იქ რაღაც დაავიწყდა და ა.შ. სკოლა, ძირითადად, ქაღალდებზეა აგებული. დირექტორს ასეთი რაღაცეები არ უნდა დაავიწყდეს, მე ვფიქრობ, ეს არის მისი პასუხისმგებლობის საკითხი’’, – განმარტა მასწავლებელმა.

დღევანდელ სხდომას საბჭოს ყველა წევრი, მასწავლებლები და მშობლები ესწრებოდნენ. გენინსპექციის შენიშვნები რევაზ რიჟამაძემ წარმოადგინა და არგუმენტირებული პასუხები საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად წარმოადგინა.

მომავალი სხდომა ოთხშაბათს, 16:30 საათზე, გაიმართება.

15 დეკემბერს გამართული საბჭოს სხდომა დღეისათვის იმის გამო გადაიდო, რომ საბჭომ დაგაწყვიტა, დამატებითი დოკუმეტები განათლების სამინისტროდან და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან გამოეთხოვა. გამოთხოვილი დოკუმენტები მათ დღეისთვის ვერ მიიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი