ახალი ამბები

ვერეს ხეობაში ტყე-პარკი, სპორტული კომპლექსი, ველო და საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა

5 დეკემბერი, 2015 • 2016
ვერეს ხეობაში ტყე-პარკი, სპორტული კომპლექსი, ველო და საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა

ვერეს ხეობის სივრცით ტერიტორიული განვითარების კონცეფციის მიხედვით, მდ. ვერეს ხეობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრის, სპორტული კომპლექსის, ტყე-პარკის, ველოტრასებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა იგეგმება.

კონცეფციის პრეზენტაცია დღეს თბილისის მერიაში გაიმართა და გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „არქიტექტურულმა ბიურომ“ წარადგინა.

„ჩარჩო-გეგმის“ თანახმად, მდინარე ვერეს ხეობაში საგანმანათლებლო ცენტრი 20 000 მ2 ტერიტორიაზე მოეწყობა და მასში საკონფერენციო-სასემინარო დარბაზები, არაფორმალური სამეცადინო სივრცეები, ბიბლიოთეკა და სტუდენტური სასადილო განთავსდება.

კონცეფციით გათვალისწინებულ სპორტულ კომპლექსში „მზიურის“ ტერიტორიაზე ასევე დაგეგმილია სავარჯიშო დარბაზის, საცურაო აუზის, მინი ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნების, იოგას დარბაზისა და სხვა სპორტული ცენტრების განთავსება. ამასთან, ვერეს ხეობის ზედა ნაწილში მოეწყობა ინფრასტრუქტურა ექსტრემალური სპორტისთვის, მათ შორის, სალაშქრო ბილიკები, სამთო ველოსიპედის ტრასები, კლდეზე ცოცვის ადგილები, საფეხმავლო ხიდები და სხვ.

„ჩარჩო-გეგმა“ ცენტრალური ველობილიკის მოწყობასაც ითვალისწინებს, რომელიც გმირთა მოედნიდან დაიწყება და თსუ-ს მაღლივ კორპუსთან დასრულდება, შესაბამისად, აღნიშნული გზა ერთმანეთთან თბილისის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების უდიდეს ნაწილს დააკავშირებს.

კონცეფციის ავტორების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის ველობილიკის ადაპტაციაც მოხდება, მარტივად იქნება შესაძლებელი საპროექტო ტერიტორიის დაკავშირება გმირთა მოედანზე შემავალ ყველა ქუჩასთან. ასევე, შესაძლებელი იქნება გმირთა მოედნის მარჯვენა სანაპიროსთან დაკავშირება.

წარმოდგენილი კონცეფციის თანახმად, 300 000 მ2 ტერიტორიაზე მოეწყობა ტყე-პარკი, ზოოპარკისა და „მზიურის“ ტერიტორიები კი ერთმანეთს ორი „მწვანე ხიდის“ საშუალებით დაუკავშირდება. ამასთან, ზოოპარკის ტერიტორიაზე გაჩნდება მდინარე ვერეს მცირე განშტოება და პატარა ზომის ტბები, რომლებიც, ერთი მხრივ, შექმნის შესაბამის გარემოს პარკისათვის, მეორე მხრივ კი, ერთგვარი რეზერვუარის ფუნქციას შეასრულებს.

„რაც ყველაზე მთავარია, ეს იქნება რეკრეაციული სივრცე. ასევე შემოთავაზებულია საგანმანათლებლო ცენტრისა და სპორტული კომპლექსის, საფეხმავლო და ველობილიკების გაკეთება. ამ ტერიტორიაზე მოეწყება 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულ ადამიანთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი, რომ ეს ადამიანები არასოდეს დაგვავიწყდეს. განხილვის შემდეგ ვისაუბრებთ კონცეფციის დახვეწაზე, შემდეგ მომზადდება პროექტი. ამ პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია უსაფრთხოება. სავაჭრო ცენტრები და საცხოვრბელი კორპუსები აქ არ აშენდება, ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება დიდი ხანია მიღებულია“, – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

კონცეფციაში ვერეს ხეობაში 13 ივნისის მოვლენისადმი მიძღვნილი სიმბოლოს შესაძლო განთავსებისთვის ტერიტორიაც არის განსაზღვრული, რომელიც ხეობის თითქმის ყველა წერტილიდან იქნება აღქმული.

„ჩარჩო-გეგმის“ შესყიდვის ღირებულება 69 618,82 ლარს შეადგენს და გეგმის შემუშავების მიზანია ხელი შეუწყოს საპროექტო ტერიტორიის ოპტიმალურ ურბანულ დაგეგმარებას – მდგრადი განვითარების, თანაბარი შესაძლებლობების სივრცისა და კერძო და საჯარო ინტერესების შეჯერების პრინციპების გათვალისწინებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი