ახალი ამბები

გამოსახლება მონიტორინგით

17 დეკემბერი, 2010 • 1514
გამოსახლება მონიტორინგით

დღეს პარლამენტის შენობის წინ ის დევნილები შეიკრიბებიან, რომლებმაც, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრამდე უნდა დატოვონ საცხოვრებელი ფართები. საპროტესტო აქციას თბილისში, დ. უზნაძის #8–ში, მცხოვრები დევნილებიც შეუერთდებიან.

„მას შემდეგ, რაც მიიღებთ შეტყობინების წერილს, თქვენ გაქვთ 10 დღე, რომ გამოათავისუფლოთ შენობა. თუ ამ პერიოდის განმავლობაში თქვენ არ გამოათავისუფლებთ შენობას, პოლიცია განახორციელებს იძულებითი აღსრულების ღონისძიებებს“ – ეს წერილობითი გაფრთხილება თბილისში, დ.უზნაძის 8 ნომერში, მცხოვრებმა დევნილებმა 13 დეკემბერს მიიღეს.

იქ მცხოვრებმა დევნილებმა ზუსტად ვერ დაადგინეს, ვის მიერაა წერილი გამოგზავნილი, რადგან მიმართვის წერილში არც ადრესანტის ვინაობაა მითითებული, არც ვინმეს ხელმოწერა აქვს და არც ბეჭედი.

შეტყობინებაში წერია, რომ აღნიშნული შენობა (დ.უზნაძის #8) არ არის გამიზნული დევნილთა გრძელვადიან საცხოვრებლად და ,,დღეის მდგომარეობით, მესაკუთრეს  დაწყებული აქვს კანონით გათვალისწინებული პროცედურები შენობიდან თქვენი გამოსახლების მიზნით“.

როგორც იქ მცხოვრები დევნილები: თეიმურაზ მულდაროვი, რეზო ჩაჩიბაია, სვეტლანა ჭულუხაძე, ლილი მაჩაბელი და სხვები აღნიშნავენ, მათ შეტყობინება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელმა გიორგი გოგიტიძემ და სახახლო დამცველის წარომადგენელმა მერი კოჭლამაზაშვილმა მიუტანეს. გამომდინარე იქიდან, რომ წერილს არც ხელმოწერა და არც ბეჭედი ქონდა შესაბამისი უწყებიდან, დევნილები ამბობენ, რომ თავიდან უნდობლად განეწყვნენ. თუმცა, ახლა იმას ფიქრობენ, 24 დეკემბრამდე სად მოძებნონ საცხოვრებელი, რადგან ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ალტერნატიული ფართები ბაკურციხეში, ლესიჭინეში, ფოცხოეწერში და სხვა სოფლებში საცხოვრებლად მიუღებლად მიაჩნიათ.

ნეტგაზეთი კომენტარისათვის სახალხო დამცველის ოფისსა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაუკავშირდა.

როგორც სახახლო დამცველის წარმომადგენელი ნინო ერემაშვილი აცხადებს,  ”იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, გამოსახლების/სხვა საცხოვრებელში გადაყვანის სტანდარტული ოპერაციული პროცედურები” გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) აქტიური მონაწილეობის შედეგად შემუშავდა და დამტკიცდა სამეთვალყურეო საბჭოს მიერ. 

გადაწყდა, რომ სამინისტროსთან ერთად, თითოეულ გამოსახლებას დაესწრებოდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელიც.

ვინაიდან  პროექტის– „სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა მიმართებით პრობლემების გადასაჭრელად“– თანამშრომლები ახორციელებდნენ გამოსახლებების მონიტორინგს აგვისტოს თვეში,  მათ ახლაც მიიღეს შეთავაზება, მონაწილეობა მიეღოთ ზემოაღნიშნულ პროცესში.

წერილობითი შემოთავაზება აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად სახალხო დამცველის აპარატმა უშუალოდ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ოფისიდან მიიღო.

პროექტის ფარგლებში, სახალხო დამცველის აპარატი სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის მონიტორინგს 5 ობიექტზე ახორციელებს.

ნინო ერემაშვილის თქმით, მონიტორინგი გულისხმობს შემდეგს: პროექტის მონიტორი დადის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად და აკვირდება რამდენად მიდის გამოსახლების პროცესი შემუშავებული ოპერაციული პროცედურების შესაბამისად.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ამბობენ, რომ დეკემბრის თვეში სამინისტრო  24 ობიექტიდან დევნილების გამოსახლებას გეგმავს. ეს არის ის ობიექტები, რომლებშიც დევნილებმა თვითნებურად დაიკავეს ფართი. ამ ობიექტებიდან გამოსახლების პროცესი ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში დაიწყო, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩარევის შედეგად გამოცხადდა მორატორიუმი მანამ, სანამ შემუშავდებოდა სპეციალური პროცედურები, რომლის შესაბამისადაც მოხდებოდა დევნილების გამოსახლება.

სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელი იულია ხარაშვილი ამბობს, რომ პროექტი ”იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, გამოსახლების/სხვა საცხოვრებელში გადაყვანის სტანდარტული ოპერაციული პროცედურები” გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) აქტიური მონაწილეობის, საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორთან ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა და სექტემბრის თვეში დამტკიცდა სამეთვალყურეო საბჭოს მიერ. 

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ დევნილებისადმი გაგზავნილ წერილობით გაფრთხილებაზ,ე ხელმოწერისა და ბეჭდის გარდა, არც შესაბამისი უწყება ანუ სამინისტრო არ იყო მითითებული, იულია ხარაშვილი ასე განმარტავს – ,,გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის საინფორმაციო სახის გაფრთხილება, მასზე ბეჭედი და ხელმოწერა საჭირო არაა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი