ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლო იუსტიციის მინისტრს პასუხობს

3 დეკემბერი, 2015 • 1999
საკონსტიტუციო სასამართლო იუსტიციის მინისტრს პასუხობს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის დღევანდელ განცხადებას პასუხობს. როგორც საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოში აცხადებენ, თეა წულუკიანის კომენტარი, თითქოს ”ნაცმოძრაობის” კონსტიტუციური სარჩელები განსახილველად ეწერება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, მოკლებულია ფაქტობრივ საფუძველს, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მიზნად ისახავს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა დისკრედიტაციას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დღეს მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია არის მიკერძოებული და ვერც იქნება ობიექტური, რადგან იქ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი პოლიტიკური ლიდერები სხედან.

”ეს კოლეგია არის მიკერძოებული და ვერც იქნება მიუკერძოებელი, რადგან იქ სხედან ნაციონალური მოძრაობის ყოფილი პოლიტიკური ლიდერები, პოლიტიკური თანამდებობის ყოფილი პირები, იქნება ეს ქალბატონი მაია [კოპალეიშვილი] თუ სხვა მოსამართლეები. თავად ბატონი [გიორგი] პაპუაშვილის [საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე] მიმართ მიუკერძოებლობაც, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში იწვევს ხოლმე კითხვის ნიშნებს, მაგრამ რაც არის, ეს არის. თუკი საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საკუთარი მიუკერძოებლობის იმიჯის ხარჯზე მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება, ჩვენი, ყველას ვალია, მათ გადაწყვეტილებებს დაველოდოთ და პატივი ვცეთ,” – განაცხადა წულუკიანმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს საპასუხო განცხადებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერისა და სხვა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები შეიცავს ფაქტობრივად მცდარ ინფორმაციას და პოლიტიკურად მოტივირებულ კრიტიკას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადებით, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირს, აქვთ უფლება, გამოთქვან კრიტიკული მოსაზრებები სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებით. თუმცა, როგორც საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოში აღნიშნავენ, თანამდებობის პირებს აქვთ ვალდებულება, გაეცნონ და სათანადოდ შეისწავლონ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები.

”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი საქმიანობის შეფასების ერთადერთ და საუკეთესო კრიტერიუმს წარმოადგენს მისი გადაწყვეტილებები. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, გაეცნოს საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკას, როგორც 2012 წლამდე, ასევე ბოლო 3 წლის განმავლობაში. ასევე, შევახსენებთ მათ, რომ 2012 წლამდე არსებითად განხილული კონსტიტუციური სარჩელებიდან დაახლოებით 60%-მდე შემთხვევაში საქმე მოსარჩელის სასარგებლოდ და, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის თუ სხვა სახელისუფლებო ორგანოს საწინააღმდეგოდ დასრულდა.

საკუთარ განცხადებებში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიუთითეს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის“ და სამაუწყებლი კომპანია „რუსთავი 2″-ის ყველა კონსტიტუციური სარჩელი ეწერება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, რომლის გადაწყვეტილებებიც არის მიკერძოებული,” – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

როგორც საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოში აცხადებენ, ბოლო პერიოდში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ოთხი კონსტიტუციური სარჩელით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს. მათი განცხადებით, ოთხივე შემთხვევაში კონსტიტუციური სარჩელი განიხილა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, საიდანაც ერთი კონსტიტუციური სარჩელი არ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად: ”აღნიშნული ცხადად აჩვენებს,  რომ განცხადება, თითქოს  პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კონსტიტუციური სარჩელები განსახილველად ეწერება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, მოკლებულია ფაქტობრივ საფუძველს, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მიზნად ისახავს  საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა დისკრედიტაციას.”

რაც შეეხება ტელეკომპანია ”რუსთავი 2″-ის კონსტიტუციური სარჩელების განსახილველად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიისთვის გადაცემას, საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოში აღნიშნავენ, რომ აღნიშნულ კონსტიტუციურ სარჩელებში შინაარსობრივად მსგავსი სამართლებრივი პრობლემებია დაყენებული და, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით. საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, ასეთ შემთხვევებში მათი გადაწყვეტა ხდება ერთი კოლეგიის მიერ.

”აქვე გვინდა ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2″-ის არც ერთ კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება და განცხადება, რომ მათი გადაწყვეტის პროცესში საკონსტიტუციო სასამართლო მიკერძოებულია, შეიძლება აღქმული იქნეს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობად,” – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თეა წულუკიანის გარდა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკურ პარტია ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობისთან” კავშირში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემაც დაადანაშაულა. კობახიძის 17 სექტემბრის განცხადებით, დაუჯერებელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო და გიორგი პაპუაშვილი წარსულის გავლენისგან გათავისუფლებულიყო. საქართველოს ვიცე-სპიკერის ვარაუდით, ეს მძიმე წარსული პრობლემას ბევრჯერ შექმნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი