ახალი ამბები

სამეურვეო საბჭომ სკოლის დირექტორის გათავისუფლებაზე მსჯელობა გადადო

15 დეკემბერი, 2010 •
სამეურვეო საბჭომ სკოლის დირექტორის გათავისუფლებაზე მსჯელობა გადადო

149-ე საჯარო სკოლაში სამეურვეო  საბჭოს სხდომა, რომელსაც დირექტორის გათავისუფლების საკითხი უნდა გადაეწყვიტა, გადაიდო. სკოლის დირექტორის გათავისუფლების საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც  განათლების სამინისტრომ  სკოლას მინისტრის ბრძანება და  გენინსპექციის დასკვნა  გაუგზავნა.

საბჭოს წევრების უმცირესობაში, რომლებმაც სხდომის გადადებას მხარი არ დაუჭირეს, იყვენენ ისეთებიც, რომლებიც დღევანდელ სხდომამდე გენინსპექციის მიერ წარდგენილ შენიშვნებს არ იცნობდნენ, თუმცა ამბობდნენ, რომ გადაწყვეტილების მიღება დღეს შესაძლებელი იყო.

სამეურვეო საბჭოს სხდომის გადადების საკითხი 149-ე საჯარო სკოლის დირექტორის იურისტმა რევაზ რიჟამაძემ დააყენა. მიზეზად კი გადაწყვეტილების მიღებისთვის განათლების სამინისტროდან და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან აუცილებელი დამატებითი დოკუმეტების გამოთხოვის საკითხი დაასახელა.

რიჟამაძის განმარტებით, იმისათვის, რომ საბჭომ ადეკვატური და სამართლიანი გადაწყვეტიება მიიღოს, საჭიროა სკოლაში არსებული დოკუმენტების, სახემწიფო შესყიდვების სააგენტოში არსებული სკოლის კვარტალური და წლიური ანგარიშებისა და იმ დოკუმენტების ერთობლივად გადამოწმება, რომლის საფუძველზეც გენინსპექციამ დასკვნა დაწერა.

ეს საკითხი სხდომაზე იურისტმა  მას შემდეგ დააყენა, რაც გენინსპექციის შენიშვნებზე მოკლედ ისაუბრა და თქვა, რომ ძირითადი შენიშვნები  უმნიშვნელო და ტექნიკური სახისაა, რის გამოც დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს.

სხდომის შეჩერებას და რამდენიმე დღეში მის განახლებას სამჭოს 15 წევრიდან ათმა დაუჭირა მხარი. ნეტგაზეთი წევრთა იმ უმცირესობას გაესაუბრა, რომლებმაც კენჭისყრაზე სხდომის გადადებას არ დაეთანხმდნენ. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი თინა ფიცხელაური და მშობელი მაკა ლაბაძე აცხადებენ, რომ გენინსპექციის დასკვნას დღევანდელ სხდომამდე არ იცნობდნენ, სხდომაზე კი მისი გაცნობა ნაწილობრივ მოახერხეს, თუმცა ფიქრობენ, რომ  გადაწყვეტილების მიღება დირექტორის გათავისუფლებასთან დაკავშირებით დღევანდელ სხდომაზე შესაძლებელი იყო.

სანამ საბჭო გენინსპექციის მიერ წარმოდგენილი შენიშვნების განხილვაზე გადავიდოდა, სხდომაზე რამდენიმე წუთიანი შესვენება გამოცხადდა,  გენინსპექციის დასკვნის ქსეროასლები რომ გაემრავლებინათ და საბჭოს წევრებისთვის დაერიგებინათ. ჯერ კიდევ შესვენების დროს თინა ფიცხელაურმა განაცხადა, რომ დირექტორის გათავისუფლების შესახებ გადაწყევტილებას მხარს დაუჭერს, მიუხედავად იმისა, რომ გენინსპექციის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს არ იცნობს.

,,უნდა წავიდეს ქალბატონი მაია სკოლიდან. სამი წელია საბჭოში ვარ და ამ სკოლაში სულ ასეთი მოუწესრიგებელი სიტუაციაა’’, – ამბობს ფიცხელაური.

,,მოუწესრიგებელი სიტუაციის’’  განმარტებისას საბჭოს წევრმა დირექტორსა და მასწავლებელებს შორის არსებული დაპირისპირებები და სკოლაში არეული სიტუაცია დაასახელა.

საბჭოს კიდევ ერთი წევრი, რომელმაც სხდომის გადადებას მხარი არ დაუჭირა, გენინსპექციის შენიშვნებს ასევე არ იცნობს. მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ სულ ერთი თვეა, რაც საბჭოს შემდგენლობაში  დაინიშნა.

მაკა ლაბაძე მესამე საფეხურის მოსწავლის მშობელია.  გასულ წელს საბჭოს ერთი წევრი გამოაკლდა. ამ კანდიდატურის ადგილის დასაკავებლად კი წელს ახალი არჩევნები დაინიშნა, რის შედეგადაც ლაბაძე საბჭოს წევრი გახდა.

საბჭოს სხდომაზე წარედგინა ასევე სკოლის დირექტორის, მაია გიორგაძის განცხადება მისი გაფიცვის თაობაზე. რიჟამაძის თქმით, შრომის კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, დირექტორი 13 დეკემბრიდან 13 იანვრამდე გაფიცვას აცხადებს. იურისტის განმარტებით, ამით სკოლის დირექტორს გარკვეული იმუნიტეტი ექნება, რომლის მიხედვითაც, ამ დროის განმავლობაში მისი გადაყენება ვერ მოხდება.

,,გაფიცვის მოტივაცია არის ის, რომ ამ დროს შეუძლებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა. ასევე ამ პერიოდში ვერ მოხდება შრომითი დისკრიმინაცია, დევნა’’, – განმარტა რიჟამაძემ.

საბჭოს წევრთა უმრავლესობამ ცნო დირექტორის გაფიცვის შესახებ განცხადება და შრომის კოდექსის შესაბამისად, მას გაფიცულის სტატუსი მიანიჭა.

განათლების სამინისტრომ მინისტრის ბრძანება და თანდართული დოკუმენტი, გენინსპექციის დასკვნის სახით, 149-ე საჯარო სკოლას 24 ნოემბერს გაუგზავნა.

ბრძანების მიხედვით, წერილობითი გაფრთხილება მიეცა 149-ე საჯარო სკოლას; სკოლის სამეურვეო საბჭოს დაევალა დირექტორის, მაია გიროგაძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა ერთი თვის ვადაში; სკოლას კი დასკვნაში მითითებულ დარღვევებზე რეაგირება და ერთი თვის ვადაში სამინისტროსთვის ანგარიშის წარდგენა.

განათლების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 149-ე საჯარო სკოლაში მუშაობა 19 ნოემბერს დაასრულა. სკოლაში მუშაობისთვის მათ ერთი კვირა ჰქონდათ.

პარალელურად გენინსპექცია მაია გიორგაძის მეუღლის ვალერიან გიორგაძის სკოლაშიც (148-ე საჯარო სკოლა)  მუშაობდა.

გენინსპექცია სკოლებში მას შემდეგ შევიდა, რაც მაია გიორგაძემ განათლების სამინისტროში თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას ხელი არ მოაწერა.

სამეურვეო საბჭო სხდომას, სავარაუდოდ, მომავალ კვირას განაახლებს. ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, სამინისტროსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წერილს საბჭო ხვალ შეიტანს და მიუთითებს, რომ გამოთხოვილი ინფორმაცია ორი დღის ვადაში მიაწოდონ.

დღევანდელ სხდომას საბჭოს თხუთმეტივე წევრი, 149-ე საჯარო სკოლის დირექტორი  მაია გიორგაძე, მისი იურისტი რევაზ რიჟამაძე (დირექტორთა ასოციაციის იურისტი), ვალერიან გიორგაძე, სკოლის პედაგოგები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

149-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 6 მშობელი, 6 მასწავლებელი, ერთი მოსწავლე და ადგიულობრივი მუნიციპალიტეტიდან და გლდანი-ნაძალადევის რესურს ცენტრის თითო-თითო წარმომადგენელი შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი