ახალი ამბები

ქობულეთში პოლიციელთა მხრიდან ძალადობის საქმეს პროკურატურა იძიებს

3 დეკემბერი, 2015 • 1486
ქობულეთში პოლიციელთა მხრიდან  ძალადობის საქმეს პროკურატურა იძიებს

2015 წლის 3 დეკემბერს, ომბუდსმენის აპარატიდან შესული წინადადების საფუძველზე, პროკურატურამ შსს ქობულეთის პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ძალადობისა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ბრალდებულები რ.ტ., ბ.მ., გ.გ. და გ.კ. სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ შედგენილ ახსნა–განმარტებებში მიუთითებდნენ, რომ შსს ქობულეთის პოლიციის თანამშრომლები მათ უმოწყალოდ ცემდნენ და გაუპატიურებისა თუ ახლობლისთვის ნარკოტიკების ჩადების მუქარით დანაშაულის აღიარებას აიძულებდნენ.

”დროებითი მოთავსების იზოლატორში წარმოებული გარეგნული დათვალიერების ოქმების მიხედვით, ოთხივე დაკავებულს იზოლატორში მიღების დროს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები. ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე, სამი მათგანი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. დროებითი მოთავსების იზოლატორში  სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც რამდენჯერმე გახდა საჭირო.

დაკავებულთან მოპყრობის წესები შიდასახელმწიფოებრივ ნორმებთან ერთად არაერთი საერთაშორისო კონვენციით რეგულირდება. აღნიშნული ნორმები შიდასახელმწიფოებრივი სამართლის ნაწილია და, შესაბამისად, წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ ადამიანი ნებისმიერ გარემოსა და პირობებში, მათ შორის თავისუფლების აღკვეთის დროს, დაცული იქნება წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისაგან.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავარი პროკურორი უზრუნველყოფს წინადადებაში მოყვანილი ფაქტების სათანადო გამოძიებას და დანაშაულის დადგენის შემთხვევაში, დადგება დამნაშავე პირთა პასუხისმგებლობის საკითხი,” – აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „გ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი