„მე ვამბობ, ბრმები, ყრუები და სხვა ნაკლოვანებებით დაბადებული ადამიანები არ უნდა იყვნენ ჩვენი მომავალი თაობების აღმზრდელები“ – თქვა კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, ეკა ხოფერიას თოქ–შოუში აუდიტორია. წამყვანის პროტესტის შემდეგ კი პოლიტიკოსმა დაამატა: „მე ბრმები პირდაპირი მნიშვნელობით არ მიგულისხმია. გადაცემის დასაწყისში ვთქვი: მეძავები, მკვლელები, ჰომოსექსუალები, თუ გინდათ ჰეტეროსექსუალები, რომლებსაც აქვთ მანიაკალური და არანორმალური გამოხდომები, ბავშვებთან არ უნდა მივუშვათ.“
ეკა ხოფერიას საავტორო გადაცემა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე უკვე რამდენიმე თვეა ორშაბათობით გადის. 13 დეკემბრის აუდიტორიის მთავარი თემა იყო – „შეიძლება თუ არა ჰომოსექსუალები ასწავლიდნენ სკოლებში, ან მსახურობდნენ ჯარში?“
გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდნენ: კონსერვატორების ერთ-ერთი ლიდერი, ზვიად ძიძიგური, ასევე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი ქრისტიან -დემოკრატებიდან დიმიტრი ლორთქიფანიძე, ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი, ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა, ფონდ ინკლუზივის ხელმძღვანელი პაატა საბელაშვილი და ა.შ.
დიმიტრი ლორთქიფანიძემ და ზვიად ძიძიგურმა სექსუალური უმცირესობები არაერთხელ შეადარეს ზოოფილებს, ნეკროფილებს, პედოფილებს, გერონტოფილებს, რეციდივისტებს და მათ ავადმყოფები უწოდეს. დიმიტრი ლორთქიფანიძემ საკუთარი დამოკიდებულების საილუსტრაციოდ ამერიკელი მკვლევარის, პოლ კემერონის ციტატა გაიხსენა: „ჰომოსექსუალები არიან სახიფათონი იმიტომ, რომ მათი ერთ-ერთი სტრატეგია არის ჩათრევა ჰომოსექსუალობაში. ისინი არიან ძირგამომთხრელები და ხდიან ადამიანებს მოღალატედ ოჯახის, სახელმწიფოსი და ღმერთის. მე პირადად გულით და სულით ვიზიარებ ამ თეზას,“ -თქვა დეპუტატმა.
პოლიტიკოსთა შეფასებებს გადაცემის წამყვან ეკა ხოფერიას, ასევე, ლუბა ელიაშვილის, პაატა საბელაშვილისა და თოქ–შოუს სხვა სტუმრების მხრიდან პროტესტი და კონტრარგუმენტები მოჰყვა.
დაარღვია თუ არა მაუწყებელმა ამ მოსაზრებების ტირაჟირებით მაუწყებელთა ქცევის კოდექსი?
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტს ნათია კაციტაძეს მიაჩნია, რომ დისკრიმინაციული გამონათქვამებით გაჯერებული გადაცემის ეთერში გაშვებით საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს კანონი არ დაურღვევია.
„საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 54-ე მუხლში წერია, რომ იკრძალება ისეთი გადაცემების გაკეთება, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ან სექსუალური ორიენტაციის, ან სხვა თვისების შეურაცხყოფისაკენ. ამავე დროს, მესამე პუნქტში დათქმა არის გაკეთებული, რომ ეს აკრძალული კი არის, მაგრამ გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას“ – უთხრა ნეტგაზეთს ნათია კაციტაძემ. მისი აზრით, 13 დეკემბრის აუდიტორია მიზნად ისახავდა იმის ჩვენებას, რომ საზოგადოებაში ასეთი აზრი არის. გადაცემაში, ასევე, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ძიძიგურსა და ლორთქიფანიძეს ეწინააღმდეგებიან. ამ შემთხვევაში კანონი არ დარღვეულა.
დისკრიმინაციული გამონათქვამების ეთერში გაშვებით საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს არ დაურღვევია საკუთარი ქცევის კოდექსი, მიაჩნია სსმ-ს სამეურვეო საბჭოს წევრ გიორგი მელაძეს. მან ნეტგაზეთთან არგუმენტები სამ პუნქტად ჩამოაყალიბა: 1. ეს (დისკრიმინაციული გამონათქვამები) საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიცია არ არის 2. საზოგაოდებრივი მაუწყებლის თანამშრომლის მიერ არ ყოფილა ეს განცხადება გაკეთებული და 3. საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებაა საზოგადოებაში არსებული მრავალფეროვნების ასახვა და არა ხელოვნური დისკუსიის წარმოჩენა.“ ასე რომ, ამ ყველაფრის გაშვებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაიცვა თავისი სტანდარტი ყველა მხრივ. აი, ხოფერიას რომ რამე ეთქვა, მაშინ დარღვევა იქნებოდა“ – თქვა გიორგი მელაძემ. ის ერთ-ერთია იმათგან, რომელიც ორშაბათს თოქ–შოუში მონაწილეობდა. მისი თქმით: „იქ კიდევ ბევრი რამე დამონტაჟდა, რაც უარესი იყო. მაგას (რაც ეთერში გავიდა) ვერ დაამონტაჟებდი, მაშინ ისიც უნდა დაგეჭრა. მეტი რომ დაეჭრათ, მის (პოლიტიკოსის) პოზიციას ვერ გაიგებდით. მე რაც ვიცი, ტექნიკურად უბრალოდ არაფერი არ გამოვიდოდა, რადგან სულ ასეთ რაღაცეებს ლაპარაკობდა. მე, მაგალითად, იმაზე ვიდავებდი, რატომ იყო ძიძიგური წარმოდგენილი ამ მოსაზრების წარმოსაჩენად? რატომ ზვიად ძიძიგური და არა – თქვენ? ეგ რატომ იყო გადაცემაში, ვერ ვხვდები, მითუმეტეს, როცა ერთი, მსგავსი აზრის მქონე პოლიტიკოსი გადაცემაში იმყოფებოდა.“
გადაცემის ერთ-ერთი მონაწილე და ფონდ ინკლუზივის ხელმძღვანელი, პაატა საბელაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ წამყვანი, დისკრიმინაციული გამონათქვამების გამო, სტუმრებს ედავებოდა და აჩერებდა.
„სტუდიაში ყოფნის დროსაც არ გრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მას ხელს უწყობდა დისკრიმინაციულ საუბარში,“ – ამბობს საბელაშვილი, „მე არსად ჩივილს არ ვაპირებ. თვითონ მაუწყებლის წარმომადგენელი უპირისპირდებოდა ამ (დისკრიმინაციულ) პოზიციას.
უბრალოდ, ეს სიტყვები, ჰომოსექსუალისტი და ა.შ. როგორ გავიდა, ამაზე ვერაფერს ვიტყვი. ასევე, ვერ გეტყვით, რამდენად შესაძლებელია დებატების ისე დაჭრა, რომ კონტექსტი არ დაირღვეს.“
ინკლუზივის ხელმძღვანელი, ასევე, იხსენებს, რომ რამდენიმე თვის წინ, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის წინააღმდეგ ჰომოფობური გამონათქვამის გამო საჩივარი შეიტანა, ამას მაუწყებლის მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსში წერია: „ყურადღება გმართებთ სიტყვებისა და გამოთქმების შერჩევისას. თქვით ჰომოსექსუალი, ან ბისექსუალი. დაუშვებელია ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორებიცაა „პედერასტი“, „ცისფერი“ „მამათმავალი“. ნურც გადაცემაში მოწვეულ სტუმრებს მისცემთ უფლებას, ამგვარი სიტყვები გამოიყენონ.“
გენდერის სპეციალისტმა და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ხელმძღვანელმა, ეკა აღდგომელაშვილმა გადაცემაში სტუმრობაზე უარი განაცხადა, რადგან მიიჩნევს, რომ „ეს არ არის თოქ–შოუს ფორმატში განსახილველი საკითხი.“ აღდგომელაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ მას გადაცემის ავტორთან კონკრეტული პრეტენზიები არ გააჩნია, თუმცა აუცილებლად იმოქმედებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებმაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დისკრიმინაციული შინაარსის განცხადებები გააკეთეს. მან ჯერჯერობით არ იცის, რეაგირება რა ფორმით მოხდება. „კონსულტაციას გავივლი იურისტებთან და გადაწყვეტილებას მერე მივიღებ“ – ამბობს ეკა აღდგომელაშვილი.








