ახალი ამბები

რა როლი ექნება არასრულწლოვანთა ქორწინებისას მშობელს, ომბუდსმენის ოფისის განმარტება

2 დეკემბერი, 2015 • 2412
რა როლი ექნება არასრულწლოვანთა ქორწინებისას მშობელს, ომბუდსმენის ოფისის განმარტება

დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც 16–18 წლის წყვილების ქორწინების ნებართვას გამონაკლის შემთხვევებში მხოლოდ სასამართლო გაცემს.

კანონპროექტი, რომელიც ერთი მოსმენით მიიღო პარლამენტმა, აუქმებს მანამდე არსებულ წესს, რომლის მიხედვითაც, 16 წელს მიღწეულ, თუმცა არასრულწლოვნებს შორის ქორწინებისთვის საკმარისი არის მშობლის ნებართვა.

აღნიშნული ცვლილების განმაპირობებელი ფაქტორია ის, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება საქართველოში კვლავ დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს და განსაკუთრებით შემაშფოთებელია მშობელთა მხრიდან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების იძულებითი ქორწინების შემთხვევები,” – წერს განმარტებით ბარათში კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს სახალხო დამცველი.

კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის სამოქალაქო აქტების შესახებ კანონის 51–ე მუხლის მეორე ნაწილში, რომელიც დღეს მოქმედი რედაქციით ასე იკითხება:

“16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მშობლების ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით, ხოლო თანხმობაზე უარის ან თანხმობის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში – სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.”

ცვლილება შედის სამოქალაქო კოდექსის 1108 მუხლშიც, რომელიც ადგენს ქორწინების ასაკს.

კანონპროექტის მიხედვით, მოსამართლეს არასრულწლოვანთა დაქორწინების დასაშვებობაზე მსჯელობის კომპეტენცია მხოლოდ იმ შეთხვევაში ექნება, როდესა ბავშვი დაიბადა ან გოგონა არის ფეხმძიმედ.

რა კუთხით იქნება ჩართული მშობელი 16 წელს მიღწეულ არასრულწლოვანთა ქორწინების დროს? სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკა სხილაძე განმარტავს, რომ სასამართლო განხილვების პროცედურა თავისთავად მოიცავს იმას, რომ სასამართლო განხილვის ეტაპზე მოუსმენენ როგორც მშობლებს, ასევე, სოციალურ მუშაკებს.

“სასამართლო, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას მიიღებს არასრულოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. სასამართლო პროცესში მოიაზრება ის, რომ მოუსმენენ მშობლებსაც და მათ აზრსაც გაითვალისწინებენ. სასამართლო თანხმობა არ ნიშნავს იმას, რომ მშობლებმა თავიანთი აზრი დააფიქსირონ.”, – ამბობს ეკა სხილაძე.

ეკა სხილაძე ამბობს, რომ გამონაკლისის დაშვება ფეხმძიმობის ან ბავშის დაბადების შემთხვევაში იმითაა გამოწვეული, რომ არასრულწლოვანთა არარეგისტრირებული თანაცხოვრებისა და შვილის ყოლის შემთხვევაში აქვთ გარკვეული ქონებრივი ტიპის ურთიერთობები,

“თუ ქორწინება რეგისტრირებული არ არის, პრაქტიკაში პრობლემა დადგება განქორწინების შემთხვევაში თანასაკუთრების გაყოფის საკითხებზე როდესაც მიდგება მსჯელობა, რადგან არარეგისტრირებულ ქორწინებაში შექმნილი ქონება და სხვა სიკეთეები არ შეიცვლება საერთო საკუთრებად, რადგან ქორწიენება არ იქნება რეგისტრიეებული, ასევე, ბავშვებთან დაკავშირებული უფლებამოვალეობების განხორციელებისას”, – განმარტავს სხილაძე.  

კითხვაზე, გამონაკლისის არსებობა ხომ არ გაზრდის არასრულწლოვანთა ფეხმძიმობის შემთხვევებს იმ მიზნით, რომ მოსამართლემ იმსჯელოს არასრულწლოვანთა ქორწინების დასაშვებობაზე, სხილაძე პასუხობს, რომ ასე არ მოხდება.
“2014 წელს 1527 არასრულწლოვანი დედა დარეგისტრირდა, მაშინაც კი, როდესაც ქორწინებისთვის მხოლოდ მშობლების თანხმობაც იყო საკმარისი. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ასე მოხდება, მით უფრო, რომ ეს ისედაც ასე იყო პრაქტიკაში, მიუხედავად იმისა, თუ როგორ ეწერა კანონში”, – განმარტავს სხილაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი