ახალი ამბები

იოჰანეს ჰანი: ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის ანგარიშის კუთხით პოზიტიურ ნიშნებს ვხედავთ

27 ნოემბერი, 2015 • 1133
იოჰანეს ჰანი: ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის ანგარიშის კუთხით პოზიტიურ ნიშნებს ვხედავთ

“ჯერ საბოლოო გადაწყვეტილების სრული პროგნოზირება შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ ნიშნებს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის ანგარიშის მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, ამ კითხვაზე პასუხი დადებითი იქნება”, – მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.

ევროკომისარმა ხაზი გაუსვა იმ რეფორმებს, რომლებიც საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებით გაწერილი ვალდებულებების შესრულების მიმართულებით განახორციელა.

„ამ მხრივ მიღწეული პროგრესი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომელიც გასულ კვირას ბრიუსელში გაიმართა. ჩვენ მზადყოფნა გამოვთქვით, გავაღრმავოთ საქართველოს პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირში. ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში გაიზარდა. საქართველოში ასევე იზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც, ვფიქრობთ, პოზიტიური სიგნალია ინვესტორებისთვის. არის ასეთი გამოთქმა – ფულს სჭირდება სტაბილურობა. თუ ქვეყანაში ფული შედის, ეს იმის ნიშანია, რომ იქ სტაბილურობაა“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

მისივე თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო კამპანია იქნება პირველი ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. ჰანის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ არჩევნები შესაბამის დონეზე ჩატარდება.

ან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ყველა მხარეს უნდა ჰქონდეს წვდომა მასმედიაზე. ასევე, მისივე თქმით, საქართველოს მართლმსაჯულებაშ პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს.

საქართველო, როგორც წარმატების მაგალითი, ისევე საინტერესოა ევროპისთვის, როგორიც ჩვენთვის, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა ინტენსიურად განაგრძობს ევროპული სტანდარტების დანერგვას, კანონმდებლობის ჰარმონიზაციას, რაც დააჩქარებს საქართველოს ევროპულ სტრუქტურებთან ინტეგრაციას. მიმდინარე წელს ევროკომისრის მეორე ვიზიტს საქართველოში პრემიერ-მინისტრი ქვეყნის ევროპული არჩევანისადმი დიდ მხარდაჭერად აფასებს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, იოჰანეს ჰანთან შეხვედრისას ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ წარმოადგენს საქართველოს პრიორიტეტს და მთავრობა მზად არის, წვლილი შეიტანოს ამ საერთო პოლიტიკური ჩარჩოს წარმატებაში.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყნის წარმატება იქნება ევროკავშირის წარმატებაც, ვინაიდან საქართველო, როგორც წარმატების მაგალითი, ისევე საინტერესოა ევროპისთვის, როგორიც ჩვენთვის. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოტივირებული, რომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება ზედმიწევნით იქნება შესრულებული. ამ პროცესს პირადად ვაკონტროლებ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარი შეეხო რეფორმების უწყვეტი პროცესის მნიშვნელობას, რაც საქართველოს დემოკრატიზაციის რეალური გზა და ევროპიზაციის სამოქმედო გეგმაა.

„ჩვენ ხაზი გავუსვით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობას ჩვენი მოსახლეობისთვის. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან დადებითი ჩვენი ურთიერთობებისთვის. ჩვენმა მთავრობამ ძალისხმევა არ დააკლო და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა ვალდებულება შეასრულა. ახლა ჩვენ ველოდებით ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებას. ევროკომისართან ვისაუბრეთ ასევე სექტორული თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე. ამ თვალსაზრისით აღვნიშნეთ, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, საქართველო გახდეს ე.წ რეგიონული „ჰაბი“ და არსებითი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო ვაჭრობის, ენერგეტიკული რესურსების მიწოდების, ტრანზიტის გზების დივერსიფიკაციისა და სატრანსპორტო ქსელის განვითარების ხელშეწყობაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროკომისართან შეხვედრისას ყურადღება ასევე გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებასა და პარიზში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებზე.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც სანდო პარტნიორი, ევროკავშირის გვერდით დგას და აღნიშნული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად მზად არის ევროკავშირთან უფრო ინტენსიური დიალოგისა და თანამშრომლობისთვის.

პრემიერ-მინისტრმა ევროკომისარს მადლობა გადაუხადა იმ ძალისხმევისთვის, რასაც ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიზნით ახორციელებს. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ფასდაუდებელი როლი საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი