შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში განსაკუთრებით დიდი ოდენობის იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, რომლებსაც დაკავებულები მართლსაწინააღმდეგოდ ფლობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს, 28 ნოემბერს, გამართულ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბოლო 2 თვის მანძილზე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 47 პირი.

შსს-ს ცნობით, ავტომანქანების, ბინებისა და პირადი ჩხრეკისას ამოიღეს 50 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის 31 პისტოლეტი, 10 ავტომატი, 3 რევოლვერი, 3 შაშხანა, 3 გადაჭრილი სანადირო თოფი, 2 ხელყუმბარა და სხვადასხვა კალიბრის 1016 ცალი საბრძოლო ვაზნა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *