სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა რწმუნებული ინალ ტასოევი თამაზ გოლოევისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯას მის უფლებების უხეშ დარღვევად აფასებს.
როგორც დე ფაქტო საინფორმაციო სააგენტო „რეს“ (Рес) წერს, გოლოევისთვის გამოტანილი განაჩენის შესახებ ინფორმაცია დღეს, 27 ნოემბერს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით მიიღეს.
„საქართველოს მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სამართლებრივი მექანიზმები პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა კვლავაც გამოიყენებს ყველა არსებულ დიპლომატიურ, ჰუმანიტარულ და მოლაპარაკების მექანიზმს, რათა თამაზი რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს და სამშობლოში დაბრუნდეს“, – ნათქვამია ტასოევის განცხადებაში.
ტასოევის მტკიცებით, თამაზ გოლოევი საქართველოს სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის აპრილში დააკავეს და მას შემდეგ თბილისში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა, სადაც მასთან წვდომა შეზღუდული იყო. მისი განცხადებით, გოლოევის დედასაც კი არ ეძლეოდა მასთან შეხვედრის შესაძლებლობა.
ტასოევი ასევე ამტკიცებს, რომ გოლოევთან წვდომა არ ჰქონდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, რომელსაც მისმა ოჯახმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და დაკავების პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართა.
დე ფაქტო ომბუდსმენის შეფასებით, ასეთი დახურულობა გოლოევის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე მიუთითებდა, მათ შორის, ჰუმანური მოპყრობის, ოჯახის წევრებთან კავშირის შენარჩუნებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობისა და დაკავების პირობების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლებების დარღვევაზე.
ქართულმა მხარემ ჯაშუშობის ბრალდებით თამაზ გოლოევი 2025 წლის 22 აპრილს დააკავა.
