რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ხუთი ორგანიზაცია, რომელთაგან ორი საზღვარგარეთ მყოფი რუსების გაერთიანებაა, “არასასურველად” ცნო. ამის შესახებ ინფორმაცია ავრცელებს “ნასტოიაშჩეე ვრემია” (Настоящее Время).
გამოცემის თანახმად, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ეგრეთ წოდებული “არასასურველი” ორგანიზაციების სია შეავსო. ასეთებად ცნეს ამერიკაში დაფუძნებული “მეხსიერების საზოგადოება” და “კომუნიზმის მსხვერპლთა მეხსიერების ფონდი”, “იტალიის თავისუფალ რუსთა ასოციაცია”, გერმანული “ბრემენის უნივერსიტეტთან არსებული აღმოსავლეთ ევროპის დამოუკიდებელი ლიტერატურისა და საზოგადოებრივი მოძრაობების კვლევითი ცენტრი” და საქართველოში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია “ბათუმის რუსები” (Россияне Батуми).
“მეხსიერების საზოგადოება” ტოტალიტარიზმის, კერძოდ კი სტალინური რეპრესიების შესწავლით არის დაკავებული. ის “მემორიალის” პარტნიორია, რომელიც, თავის მრავალრიცხოვან შვილობილ ორგანიზაციებთან ერთად, 2010-იანი წლებიდან რუსეთის ხელისუფლების მხრიდან დევნას განიცდის.
“კომუნიზმის მსხვერპლთა მეხსიერების ფონდი” 2013 წელს აშშ-ის ექს-პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა დააარსა და ის კომუნისტური რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავყოფითა და ამ სფეროში საგანმანათლებლო საქმიანობით არის დაკავებული.
“იტალიის თავისუფალ რუსთა ასოციაცია” 2021 წლიდან არსებობს. იგი აწყობს მშვიდობიან დემონსტრაციებს, გამოდის რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვების მხარდასაჭერად და რუსეთში პოლიტიკური რეპრესიების წინააღმდეგ, ასევე შედის რუსეთის ანტისამხედრო კომიტეტში.
ბრემენის უნივერსიტეტთან არსებული აღმოსავლეთ ევროპის დამოუკიდებელი ლიტერატურისა და საზოგადოებრივი მოძრაობების კვლევითი ცენტრი, რომელიც 1982 წელს დაარსდა, ეწევა სამეცნიერო მუშაობას ყოფილი აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნების კულტურის სფეროში და აანალიზებს პოსტსაბჭოთა რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.
Настоящее Время-ს ცნობით, “ბათუმის რუსები” რუსეთის მოქალაქეების ანტისამხედრო გაერთიანებაა, რომლებიც საქართველოში 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ გადმოვიდნენ.
“საზოგადოება ეწინააღმდეგება რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკასა და ომს უკრაინაში, ასევე დახმარებას უწევს რელოკანტებს”, – იუწყება გამოცემა.
მეექვსე ორგანიზაცია, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ არასასურველთა სიაში შეიტანა, არის Human Rights Foundation (“ადამიანის უფლებათა ფონდი”). მისი “არასასურველად” ცნობის შესახებ ჯერ კიდევ 6 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია. ფონდი 2005 წელს აშშ-ში დაარსდა. 2012 წლიდან მისი თავმჯდომარე იყო ოპოზიციონერი გარი კასპაროვი, ხოლო 2024 წლიდან — იულია ნავალნაია.
რუსეთში ორგანიზაციის „არასასურველად“ ცნობა არის იურიდიული სტატუსი, რომელიც პრაქტიკულად ნიშნავს ამ ორგანიზაციის საქმიანობის სრულ აკრძალვას და მის კანონგარეშედ გამოცხადებას. ეს კანონი რუსეთში 2015 წელს მიიღეს.
