მიტროპოლიტი ნიკოლოზის აზრით, ლაშა ნაცვლიშვილმა იმ პოსტის გამო, რომელიც, სავარაუდოდ, წმინდა სინოდის წევრს, მღვდელმთავარ იობ აქიაშვილს შეეხებოდა, აღსარება უნდა ჩააბაროს და მოინანიოს.
მიტროპოლიტი ნიკოლოზის თქმით, პოსტში დაწერილი “კალამბურით” ნაცვლიშვილმა არ მხოლოდ მეუფისთვის სცადა შეურაცხყოფის მიყენება, არამედ უდიერად მოიხსენია ბიბლიური პატრიარქის, იობის სახელი.
“ასეთი ვულგარული მიმართვა სასულიერო პირის მიმართ… ეს სასულიერო პირზე კი არა, მეტყველებს იმაზე, ვინც ამას აკეთებს. ოღონდ აქ არის ერთი ძალიან სერიოზული გარემოება. ამ ლანძღვაში თუ გინებაში არის სიტყვების თამაში. და მეუფე იობს ჰქვია ბიბლიური პატრიარქის, მართალი, მრავალტანჯული იობის სახელი. ამ სიტყვის [იობი] გადათამაშება ისე და ამ სახელზე კალამბურის აგება და გინებისათვის გამოყენება არის შეურაცხყოფის მიყენების მცდელობა არა მეუფე იობისათვის, არამედ ბიბლიური პატრიარქის სახელია და ამას რომ ადამიანი პირიდან ამოუშვებს, ის ძალიან დაისჯეება. რაც შეიძლება სწრაფად უნდა წავიდეს ეს ადამიანი და აღსარება თქვას, რომ ასეთი რამე მოუვიდა, თორემ ისეთი რამე დაემართება, აგერ ნახავთ, ყველა. კი არ ვემუქრები, პირიქით, ვუფრთხილდები, სასწრაფოდ წავიდეს და აღსარება თქვას, მეტი ახლა რა უნდა დაისაჯოს. ისე დაისჯება, რომ მერე არავის აღარ მოგვინდება ამ ადამიანის დასჯა. და ამიტომ სასწრაფოდ, სანამ კიდევ დრო არის, წავიდეს და აღსარება თქვას, ვინც ეს პოსტი გამოაქვეყნა”, – უთხრა მიტროპოლიტმა ტვ პირველს.
როგორც ცნობილია, მიტროპოლიტმა იობმა საჯაროდ გააკრიტიკა “ქართული ოცნების” პოლიტიკა სხვადასხვა მიმართულებით. ამას მოჰყვა მმართველი პარტიის წარმომადგენლების და “მოლაპარაკე თავების” მხრიდან ორგანიზებული კამპანია, რომლის ფარგლებშიც მართლმადიდებელ იერარქს უწოდეს “აგენტი” და აგინეს კიდეც.
“იობ ტვაიუ მაწ რა… (რუსული შრიფტი გაიჭედა და ასე მომიწია დაწერა)”, – დაწერა ლაშა ნაცვლიშვილმა.
ლაშა ნაცვლიშვილი წარსულში იყო “ქართული ოცნების” მთავარი პროკურორის მოადგილე, ასევე მუშაობდა უშუალოდ პარტიაშიც. მიიჩნევა, რომ იგი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ და საინფორმაციო პროცესებში. იყო პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამჟამად პოზიციონირებს როგორც “ქართული ოცნების” მხარდამჭერი. მისი ოპონენტების ინფორმაციით, ის მართავს “ქართული ოცნების” ფეისბუკ-ტროლს “ქეთევან მიქიაშვილს”, რასაც ეს უკანასკნელი კატეგროიულად უარყოფს.
