ახალი ამბები

Wikileaks: რუსეთის მუქარა USAID-ს, სამხრეთ კავკასიაში საქმიანობის გამო

6 დეკემბერი, 2010 • • 991
Wikileaks: რუსეთის მუქარა USAID-ს, სამხრეთ კავკასიაში საქმიანობის გამო

„რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების ბიურო(FSB)  საკავშირო არხებით გაგზავნილ წერილებში  USAID-ს  არაორაზროვნად აფრთხილებს,  სამხრეთ კავკასიაში სხვადასხვა ფონდების დაფინანსების გამო“-წერს აშშ-ს ელჩი რუსეთში ჯონ ბაიერლი საკუთარ ხელმძღვანელობას  2009 წლის 30 იანვარს გაგზავნილ მოხსენებაში. ელჩის წერილი სათაურით „პროვოკაციები რუსეთის უსაფრთხოების სამსახურიდან“,  დანარჩენ  დოკუმენტებთან ერთად, ვიკილიქსმა  1 დეკემბერს გამოაქვეყნა.

ჯონ ბაიერლი წერს, რომ FSB USAID-ს წერილობით ემუქრება. FSB-ს წერილში წერია, რომ „შეერთებული შტატების ფონდების საქმიანობა რეგიონში(სამხრეთ კავკასია)  „არაკომპეტენტურია“  და  USAID-ს არ შეუძლია უზრუნველყოს, რომ ფონდის საქმიანობისთვის განკუთვნილი  ფინანსები არალეგალური სამხედრო შენაერთების ხელში არ მოხვდეს“.

ელჩის ანგარიშის მიხედვით,  FSB სამხრეთ ოსეთს  ახლო აღმოსავლეთს ადარებს და აღნიშნავს, რომ „აუცილებელია USAID-მა სამხრეთ კავკასიაში შეწყვიტოს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება და იქ ფული მხოლოდ საკუთარი მიზნებისთვის დახარჯოს“. „წერილი სრულდება ბოროტი მუქარით, რომ თუ  USAID ამას არ იზამს, FSB მიიღებს მკაცრ პრევენციულ ზომებს, რაც ვიზებზე უარის თქმასაც გულისხმობს“.

რუსეთში აშშ-ს ელჩის, ჯონ ბაიერლის აზრით, FSB-მ ამ წერილით წარმოაჩინა  საკუთარი პოზიცია სამხრეთ კავკასიაში არსებული სიტუაციისადმი. „FSB-ს მიაჩნია, რომ  სამხრეთ კავკასიაში არსებული რელიგიური და ეთნიკურ მრავალფეროვნება, ასევე ექსტრემისტული მოძრაობების გააქტიურება და ოჯახური კლანების გავლენა სახიფათოს ხდის ამ რეგიონში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხს“.

დიპლომატის ანგარიშის მიხედვით, FSB  წერილში შეფარვით იმუქრება, რომ  თუ მედიაში გავრცელდება ინფორმაცია აშშ-ს მიერ  არალეგალურ სამხედრო დაჯგუფებების დაფინანსების შესახებ, ეს  დააზარალებს ამერიკა-რუსეთის ერთობლივ ანტიტერორისტულ ღონისძიებებს.  წერილში ასევე აღნიშნულია, რომ   „USAID-ის არაკომპეტენტურმა ქმედებებმა“  შესაძლოა გამოიწვიოს ძალადობის ესკალაცია სამხრეთ კავკასიის ფარგლებს გარეთაც და დააზარალოს როგორც რუსული, ისე ამერიკული ინტერესები.

ჯონ ბაიერლის თქმით, როცა მან  FSB-ს  ეს წერილი გააპროტესტა, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი რიაბკოვი დამაჯერებლად ამტკიცებდა, რომ უსაფრთხოების სამსახურის ეს ქმედება საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არ იყო შეთანხმებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი