გელა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა.

ირაკლი კობახიძის ბრძანება გელაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ გელა გელაძემ თანამდებობა დატოვა, რაც მის ახალ პოზიციაზე გადასვლას უკავშირდება. უწყებაში ვერ აკონკრეტებენ, საკუთარი ინიციატივით დატოვა თუ არა გელაძემ თანამდებობა, ან რა ახალ პოზიციაზე გადაჰყავთ.

გელა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ თვე-ნახევრის წინ დაინიშნა, როდესაც სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა.

მანამდე, 2025-26 წლებში, 11 თვის განმავლობაში გელა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

განახლება: მოგვიანებით, ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ გელა გელაძე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა.

უწყების ცნობით, სამეთვალყურეო საბჭო, კორპორაციის წესდების თანახმად, სამი წევრისგან შედგება. ის ახორციელებს კონტროლს კორპორაციის საქმიანობაზე და მონაწილეობას იღებს მნიშვნელოვანი საკითხების მომზადებისა და გადაწყვეტის პროცესში.