კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს გუშინ, წვიმის შემდეგ რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიის დატბორვასთან დაკავშირებით.
გუშინ „სალობიე ბიას“ თანადამფუძნებელმა გიორგი იოსავამ გაავრცელა დატბორილი რესტორნის ვიდეო.
კომპანია განმარტავს, რომ შემთხვევა წყალმომარაგების შიდა, კერძო საკუთრებაში არსებული ქსელის განშტოების დაზიანებამ გამოიწვია. საუბარია რუსთაველის თეატრის მილზე:
„მომხდარი ინციდენტი არ უკავშირდება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესს. რეაბილიტაციის ფარგლებში შეიცვალა მხოლოდ მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, ხოლო შიდა ქსელებზე სამუშაოები არ ჩატარებულა.შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა ჯივიპის ოპერატიული ჯგუფი. ადგილზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოხდა დაზიანების იდენტიფიცირება და დადასტურდა, რომ დაზიანებულია უშუალოდ რუსთაველის თეატრის კერძო განშტოების მილი“, – წერია განცხადებაში.
კომპანია ამბობს, რომ რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე განახლებული წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სარეაბილიტაციო სამუშაოები გასულ თვეს სრულად დასრულდა.
მათივე განმარტებით, რეაბილიტაციის ფარგლებში დაქსელვის სქემა არ შეცვლილა და ჩატარებულ სამუშაოებს დაზიანებულ მილთან არანაირი კავშირი არ აქვს.
რაც შეეხება კითხვას, ხომ არ უკავშირდება კერძო ტერიტორიის დატბორვა სანიაღვრე სისტემის არარსებობას, GWP განმარტავს:
„ჯივიპი არ არის პასუხისმგებელი სანიაღვრე სისტემებზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მომხდარი დატბორვის მიზეზი არ არის სანიაღვრე სისტემა. ამასთან, ტექნიკურად, სანიაღვრე სისტემის არსებობის შემთხვევაშიც კი, ის ვერ უზრუნველყოფდა წყალმომარაგების შიდა ქსელის დაზიანების გამო გამოწვეული დატბორვის პრევენციას“.
