ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მთავრობის კანცელარიაში განცხადება შეიტანეს – მათი მოთხოვნაა დაიწყოს საყოველთაო და სამართლიანი ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა.
უფლებადამცველების ცნობით, საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით შექმნილ ელექტრონულ პეტიციას უკვე 4 000-ზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი და საზოგადოების ეს პოზიცია სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს.
„დღეს ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფის წევრები შევიკრიბეთ კანცელარიასთან კონკრეტული მოთხოვნით – დაიწყოს ხელისუფლებამ საყოველთაო და სამართლიანი ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობა.
ჩვენი პროფესიული პოზიციის გარდა, ჩვენ ხელთ გვაქვს ელექტრონული პეტიციის შედეგებიც, რომლის თანახმადაც ძალიან მოკლე დროში 4000-ზე მეტმა ადამიანმა დააფიქსირა საყოველთაო ამნისტიის მხარდაჭერა.
გასათვალისწინებელია ამ ყველაფერთან ერთად ისიც, რომ ძალოვანი უწყების მაღალი თანამდებობის პირები მხილებულნი არიან უმძიმეს დანაშაულებში. ეს საზოგადოებაში ყოველთვის აჩენს ეჭვს, თუ რამდენად სამართლიანად, ყოველმხრივ სრულად და ობიექტურად იძიებდნენ ეს ადამიანები და უწყებები საქმეებს. დამერწმუნებით ალბათ, ლოგიკურია, რომ თუ ძალოვანი უწყების წარმომადგენელი უკვეთავს მკვლელობას, იღებს ქრთამს, ათეთრებს ფულს და ამუშავებს ქოლ-ცენტრებს, ის ვერ ჩაითვლება ობიექტურ გამომძიებლად“, – თქვა უფლებადამცველმა, ჯაბა კოჭლამაზაშვილმა.
ადვოკატ ზაქარია გვიშიანის განცხადებით, საკითხზე მსჯელობის დასაწყებად მიმართავენ პარლამენტსაც.
„ჩვენ უკვე წლებია არ გვინახავს სრულყოფილი, სამართლიანი და გონივრული ამნისტია. პირდაპირ ვიტყვი, გულწრფელად 2012 წლის შემდეგ საქართველოში არ ყოფილა სრულყოფილი, სამართლიანი და გონივრული ამნისტია, ამიტომ მივმართავთ პრემიერს, ჩაერთოს ამ პროცესში, შეისწავლოს აღნიშნული საკითხი, ასევე მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, ყველს ვინც ვალდებულია რომ ჩაერთოს ამ პროცესში, რათა განიხილონ უმოკლეს დროში, რომ გამოიცეს საყოველთაო გონივრული და სამართლიანი ამნისტია“, – განაცხადა მან.
საინიციატივო ჯგუფმა ხაზი გაუსვა ციხეების გადატვირთულობის პრობლემასაც და იმ პირობებსაც, რომლებზეც პატიმრები საუბრობენ.
იხილეთ ასევე: