ქუთაისის მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა. ინფორმაციას „ნეტგაზეთს“ პენიტენციურ სამსახურში უდასტურებენ.
პრესსამსახურის ცნობით, გარდაცვლილი 6-პირიან საკანში 5 ადამიანთან ერთად იმყოფებოდა, 9 ოქტომბერს მისმა თანამესაკნეებმა ციხის თანამშრომლებს უთხრეს, რომ გარდაცვლილი საწოლის მეორე სართულიდან გადმოვარდა და პირქვე დაეცა.
„2026 წლის 9 ოქტომბერს, 14:35 საათზე, ბრალდებულ გ.გ.-ს თანამესაკნეებმა დაწესებულების თანამშრომლებს შეატყობინეს, რომ იგი ორსართულიანი საწოლის მეორე სართულზე იწვა, საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა. ამ დროს საკანში მისი ხუთი თანამესაკნე იმყოფებოდა. ამასთან, დერეფანში, საკნის კართან იდგა დაწესებულების სოციალური მუშაკი, რომელიც საკნის კარის სარკმლიდან გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით ერთ-ერთ მსჯავრდებულს ეკონტაქტებოდა. სოციალურმა მუშაკმაც გაიგო საკანში დაცემის ხმა, რაც ნათლად ჩანს დაწესებულების დერეფანში დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერში ასახულ მის რეაქციაში“, – ამბობს პენიტენციური.
უწყებაში გვითხრეს, რომ ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო, საკანში მივიდა დაწესებულების მედპერსონალიც, თუმცა პატიმრის გადარჩენა ვერ მოხერხდა – 15:15 საათზე დაფიქსირდა გარდაცვალება.
მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება და ვიდეოც გაავრცელა და თქვა, რომ გარდაცვლილი გ.გ. დაწესებულებაში განთავსდა 2026 წლის 2 ოქტომბერს.
„შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით ერთ წუთში ადგილზე გამოცხადდა დაწესებულების სამედიცინო პერსონალი, რომელმაც ბრალდებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია. 14:36 საათზე დაწესებულებაში გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელიც ადგილზე 14:50 საათზე გამოცხადდა. მედპერსონალის მცდელობის მიუხედავად, ბრალდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა, 15:15 საათზე დაფიქსირდა გარდაცვალება“, – წერია უწყების განცხადებაში.
