რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმარი ბექა ცერცვაძე „ტვ პირველს“ უყვება, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძისთვის სოლიდარობის გამოცხადების შემდეგ საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გარდა ამისა, იგი ძალადობაში ადანაშაულებს ციხის დირექტორსა და მის მოადგილეებს.
პატიმარი ჰყვება, რომ ითხოვდა მასთან ექიმის მიყვანას, რაც არ გაითვალისწინეს.
„2 სექტემბრის ღამეს, გიორგი დავითაძის შესახებ რომ გავრცელდა, მაგის მერე ციხეზე თანამშრომლები ეზოს მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფებს აყენებდნენ, ქათამს ეძახდნენ. სოლიდარობა გამოვუცხადე გიორგი დავითაძეს. შემოვიდნენ ჩემთან საკანში, ისე, რომ წინააღმდეგობა არ გამიწევია, მითხრეს, რომ დეესკალაციაში უნდა გადავეყვანე. გამიყვანეს საკნიდან, უცბად შუა კორპუსზე გახდნენ აგრესიულები, დამახტნენ თავზე, ჩამიყვანეს დეესკალაციაში…
მერე ვითხოვდი ექიმს, ცუდად გავხდი ამათი დაგრეხისგან… არ მომიყვანეს ექიმი, რომ ვითხოვდი. რამდენიმე საათში მოვიდა საბადრაგო სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომა ჰქვია, სხვებიც იყვნენ, ბევრი. მითხრეს, რომ მივდიოდი „ეტაპში“…
მიჭერდა ხელს მთელი ძალით ხორხში, რომ ჩაემტვრია. ისე მოვყავდი, რომ ჩემი ფეხსაცმელების გარდა ვერაფერს ვხედავდი. უცბად ძალიან ბევრი ბათინკი გაჩნდა, სპეცრაზმი იყო ციხის ტერიტორიაზე შემოყვანილი და ამათმა ხელების რტყმევით… ერთმა სპეცრაზმელმა და ციხის თანამშრომელმა ჯერ შემიყვანეს გასაჩხრეკ აპარატში, მერე ისევ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფებით ჩამსვეს „ვარონკაში“ და წამომიყვანეს „ეტაპში“. თან ამ ყველაფერში მონაწილეობას იღებდა ციხის დირექტორი, შოთა ტრაპაიძე და მაგის მოადგილეები. დავით ჭანტურია განსაკუთრებით აგრესიული იყო, ზოგადად ციხეზე განთქმულია მაგის ჯალათური საქციელები, და დანარჩენი მოადგილეები, დავით ნიკოლეიშვილი და ვიღაცები იყვნენ“, – ამბობს პატიმარი.
„ტვ პირველთან“ ადვოკატი ამბობს, რომ ბექა ცერცვაძე „ლაითურის“ ციხეში გადაიყვანეს, რაც მისთვის გუშინ, 15 ოქტომბერს გახდა ცნობილი.
„ბექა ცერცვაძის პიროვნებიდან გამომდინარე, სურთ მისი მკაცრი კონტროლი. შესაბამისად, ყოველ წელს გარკვეული სახის პროვოკაციები მასზე ხდება. აბრალებენ, თითქოს ის არის აგრესიული, შეურაცხყოფას აყენებს პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს. ერთ-ერთ შემთხვევაში რუსთავის საქალაქო სასამართლომ დაადგინა კიდეც, რომ იყო პროვოკაცია და პენიტენციურის თანამშრომლებმა დააბრალეს, თითქოს შეურაცხყოფას აყენებდა, აღნიშნული სახდელი გააუქმა, თუმცა რისკი მაინც დარჩა“, – ამბობს ადვოკატი.
