დღეს ირაკლი ღარიბაშვილისთვის ქრთამის აღების საქმეზე წინა სასამართლო სხდომა იმართება, თუმცა მას ექსპრემიერი არ ესწრება.
საუბარია საქმეზე, რომლის ფარგლებშიც გამოძიება ამტკიცებს, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჯარისთვის განკუთვნილი შესყიდვების სანაცვლოდ აღებული ქრთამის ნახევარი ექსპრემიერს გაუნაწილა.
ბურჭულაძეს ბრალი აღიარებული აქვს და მას საპროცესო გარიგებაც აქვს გაფორმებული. ექსპრემიერის ადვოკატის ცნობით, ბურჭულაძემ ჩვენება მისცა ღარიბაშვილის წინააღმდეგ. თავად ღარიბაშვილმა ამ საქმეს “პოლიტიკური ბრძოლა” და მასკარადი უწოდა ჯერ კიდევ აგვისტოში გავრცელებულ წერილში.
“ეს არის დაუნდობელი პოლიტიკური ბრძოლა, უსამართლობა და ბოროტება ჩემ წინააღმდეგ. მე აღარ ვაპირებ ამ სამარცხვინო და ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელ პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობას. შესაბამისად, არც სასამართლო პროცესში მივიღებ მონაწილეობას. ჩემს ინტერესებს მხოლოდ ჩემი ადვოკატები წარმოადგენენ და დაიცავენ. აქვე ვაცხადებ, რომ ჩემი ამ გადაწყვეტილებით არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ — არც პროკურორებს და არც მოსამართლეებს. უბრალოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი და ვიცი, რა და როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა, აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე და ჩავერთო პოლიტიკურ მასკარადში“, – დაწერა ღარიბაშვილმა.
„ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერსა და ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს 24 აგვისტოს წარუდგინეს ახალი ბრალდება – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღება. ის ბრალს არ აღიარებს.
პროკურატურის თანახმად, ღარიბაშვილმა ქრთამის სახით აიღო 750 ათასი ლარი. მას ეს ფული უშუალოდ ჯუანშერ ბურჭულაძემ გადასცა. მუხლი, რომლითაც მას ბრალი წარუდგინეს, 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პატიმრობაში მყოფი „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი და ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი 17 აგვისტოს შემდეგ სოციალურ ქსელში წერილებს ავრცელებს. მისი მტკიცებით, „იძულებულს ხდიან“, რომ ბრძოლა დაიწყოს.
ღარიბაშვილი პატიმრობას იხდის სხვა საქმეზე – დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციაზე. ამ საქმეზე მას ბრალი აღიარებული აქვს და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5-წლიან პატიმრობაშია.
