მასალა განახლებულია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების განცხადებით, 15 ოქტომბრის ღამეს სანაპირო სარაკეტო კომპლექს „ნეპტუნით“ დარტყმა განხორციელდა ვორონეჟის ოლქის აღმოსავლეთში მდებარე „ბორისოგლებსკის“ სამხედრო აეროდრომზე.
უწყება ამბობს, რომ აეროდრომზე 6 Су-34М ტიპის ბომბდამშენი გაანადგურეს.
„ასევე განადგურდა ავიაციის ფრენების უზრუნველყოფის ტექნიკური აღჭურვილობა, აეროდრომის ტერიტორიაზე დაფიქსირდა განმეორებითი დეტონაციები და ხანძარი“, — აცხადებს უკრაინული მხარე.
სამხედრო-საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ ინფორმაცია ზუსტდება. რუსულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
განახლება:
მოგვიანებით აეროდრომზე დარტყმასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა და დაწერა, რომ ოთხი სუ-34 ტიპის თვითმფრინავი განადგურდა, ხოლო კიდევ ორი სუ-34 დაზიანდა.
„რუსები მათ იყენებდნენ ჩვენი ხალხის დასატერორებლად. ეს ზუსტად ის საბრძოლო თვითმფრინავები იყვნენ, რომლებიც უკრაინაზე ახალი თავდასხმებისთვის ემზადებოდნენ და მართვადი საავიაციო ბომბებით იყვნენ დატვირთული“, – დაწერა ზელენსკიმ.
„ეს არის ჩვენი სამართლიანი პასუხი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ მთელ ტერორზე. რუსეთი ომს აჭიანურებს, ამიტომ ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი ოპერაციები გაგრძელდება“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინულ „ტელეგრამ-არხებზე“ გავრცელდა სატელიტური ფოტო აეროდრომიდან, რომელიც სარაკეტო თავდასხმის სამიზნე გახდა:

