შინაგან საქმეთა სამინისტრო მომღერალ მიშო სულუხიას პასუხობს.
უწყებამ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ “ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი” მოქალაქე პოლიციამ გადამოწმების მიზნით იმ დროს შეაჩერა, როცა ის ლისის მიმდებარედ, ტყის მასივში საეჭვოდ გადაადგილდებოდა, რის შემდეგაც ხსენებული პირი პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, მობილური ძირს დააგდო და გაიქცა.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ადგილზე “დადგენილი წესით დალუქეს მობილური ტელეფონი, ასევე, ტელეფონის ბუდეში მოთავსებული საბანკო ბარათი”.
“მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს”, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
მომღერალმა მიშო სულუხიამ პოლიცია ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ტელეფონის წართმევაში დაადანაშაულა.
“მეგობრებო, ლისის ტბაზე, საღამოს, მეგობართან მიმავალს ქუჩაში დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გადაგვიკეტეს გზა და გადმომსვეს ტაქსიდან, წამართვეს ტელეფონი და გამისწორდნენ ფიზიკურად. მეუბნებოდნენ, რომ სამართალ დამცავები იყვნენ, თუმცა არცერთმა არ გამიმხილა ვინაობა, არ წარმომიდგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მალავდნენ საკუთარ ვინაობას. მომაქციეს ალყაში და შემიზღუდეს მოძრაობა. ასე გაგრძელდა 1 საათზე მეტხანს. ტელეფონზე მირეკავდა 87 წლის მოხუცი ბებია, რომლისათვისაც პასუხის გაცემის ნება არ დამრთეს. დათვალიერებისას არ აღმომაჩნდა არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება და ვიყავი სრულიად ფხიზელი. დამიმტვრიეს ტელეფონის ეკრანი, ვითხოვდი შველას, თუმცა ვერავის გავაგონე ხმა. ვთხოვდი, დაებრუნებინათ წართმეული ტელეფონი, მაგრამ ამაოდ.
ვხედავდი, როგორ ამზადებდნენ შავ იზოლენტში გადახვეულ ნივთს, რა დროსაც ამ დაჯგუფებას გავექეცი. ჩემი სპორტული მონაცემების წყალობით შვიდიდან ვერცერთმა შეძლო დამწეოდა. ტაქსის მძღოლი, რომლის სახელიც კი არ ვიცი, ახლაც იქ ჰყავთ დაკავებული და მუქარის საფუძველზე სთხოვენ, რომ აღიაროს, რომ ჯგუფურ დანაშაულშია ჩართული და მე და მძღოლი კრიმინალური დამნაშავეები ვართ. რაც შევძელი, იყო ის, რომ ამ დაჯგუფებას გამოვექეცი, ვიარე ტყე-ღრე და ახალგაზრდა ადამიანებს ვთხოვე დახმარება, რომ ფეისბუქთან მქონოდა წვდომა, მომესწრო და ეს განცხადება დამეწერა. მთავაზობდნენ სცენარს, რომ მეღიარებინა დანაშაული, რასთანაც კავშირი არ მაქვს. SOS! გთხოვთ, ვინმე დამეხმაროთ, ვარ კომუნიკაციის გარეშე. პირველ რიგში ვითხოვ ჩემი ტელეფონისა და პირადი მონაცემების ხელშეუხებლობას და მსურს სახალხო დამცველთან გასაუბრება… “
შსს-ს პასუხის შემდეგ პასუხის პასუხად მიშო სულუხიამ ახალი სტატუსი დაწერა და პოლიციას უნდობლობა გამოუცხადა. მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ ჩხრეკის ოქმი გააყალბონ და „საჭიროების შემთხვევაში“ შექმნან ფოტომასალაც.
„წინა დღის თარიღებით დაამზადებენ ჩხრეკის ორდერებს, 8 პოლიციელი იმას იტყვის, რაც გაამართლებს მთელ ამ რეალობას, რაც გამოვიარე. დანიშნავენ ექსპერტიზას, უკანონოდ წართმეული ტელეფონი რომ სამართლიან ჩამორთმევად გადააქციონ. საჭიროების შემთხვევაში შექმნიან ფოტომასალასაც, რაც ჩემს დამნაშავეობას გამოავლენს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ფოტოველში ბოლოს გადაღებული ფოტო-ვიდეომასალა ჩემი და ჩემი საყვარელი ადამიანის ბედნიერ ცხოვრებას ასახავს… ასეთია იურისტებისა და კეთილის მოსურნეების ვარაუდი მომხდარზე, სადაც უამრავი უკანონოდ ჩადენილი ნიუანსი და ქმედება კანონიერად უნდა გაპრავდეს… სიმართლე გითხრათ, არც მე მემეტება საკუთარი რესურსები და დრო იმ ბრძოლისთვის, რომელსაც აზრი არ ექნება. განსაკუთრებით ქვეყანაში, სადაც ამდენი ამბავი და სცენარი იკერება ხმამაღლა მოსაუბრე მოქალაქეების ჩასახშობად. დიდ მადლობას ვუხდი ყველა ადამიანს გამოხატული ყურადღებისთვის, ყველა მედიასაშუალებას საეთერო სივრცეების შემოთავაზებისთვის. ვფიქრობ, ჩემი პოსტებიდან ამომწურავად ჩანს ყველაფერი …იმ დაჯგუფებას გთხოვთ, დამიბრუნონ ტელეფონი, რადგან ახლის ყიდვის საშუალება ახლა არ მაქვს. ცემის დროს დაზიანებულ ეკრანს ჩემი ხარჯებით გავაკეთებ…“, – წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.
