nani pirtakhia

რა ხდება, როცა სახელმწიფო დევნილ ოჯახს დაკმაყოფილებულად მიიჩნევს, ოჯახი კი ისევ ავარიულ და სიცოცხლისთვის საშიშ შენობაში ცხოვრობს?

თბილისში, ნაგომარის ქუჩა N49-ის შენობა დევნილთა ობიექტად 2019 წელს დაიხურა, თუმცა იქ ოთხი ოჯახი, მათ შორის ნანი პირტახიას ოჯახი, დღემდე ცხოვრობს. სახელმწიფო მას უკვე დაკმაყოფილებულად მიიჩნევს, თუმცა ოჯახმა სახელმწიფოს მიერ წლების წინ შეთავაზებულ ბინაზე, მისი შეუსაბამოდ მცირე ფართობის გამო, უარი თქვა და, როგორც ამბობს, ენდო სახელმწიფოს დაპირებას, რომ ოჯახი მალე ადეკვატური ფართობის ბინას მიიღებდა. ახლა ავარიული შენობის დატოვებას ოჯახს მისი მესაკუთრე, სს „თელასი“ სასამართლოს გზით სთხოვს.

„ქარის დროს ბავშვების გამო მეშინია“

ნანი პირტახიას ოჯახი თბილისში 1994 წლიდან ცხოვრობს. ნანა აფხაზეთში ექთნად მუშაობდა, ომის დროს კი 36 წლის იყო. მას შემდეგ მისი ოჯახი დევნილობაში ცხოვრობს.

„ომმა ჩვენი ცხოვრება ასეთად აქცია“, – ამბობს ნანა.

მისი 50 წლის ქმარი თბილისში, სწორედ ამ შენობაში გარდაიცვალა, როცა ნანა 44 წლის იყო. მას შემდეგაც ოჯახმა უკეთესი საცხოვრებელი ვერ მიიღო.

ნანას თქმით, წლების განმავლობაში დახმარებისთვის სხვადასხვა უწყებას მიმართავდა.

„ვეტერანთა დეპარტამენტსაც მივაკითხე შუამდგომლობაზე და არაფერი“, – ამბობს ის.

ახლა ყველაზე მეტად შენობის მდგომარეობა და შვილების უსაფრთხოება აშინებს.

ოჯახის ადვოკატის, ლიანა ბენიძის თქმით, შენობის მდგომარეობა ბოლო წლებში კიდევ უფრო გაუარესდა.

„კიბეებზე რომ ავდიოდი, მეშინოდა. ახლა კიდევ უარესი მდგომარეობაა, კიბე და კედელი სცილდება ერთმანეთს“, – ამბობს ბენიძე.

ნანა კი ამბობს, რომ განსაკუთრებით ქარის დროს ეშინია, რადგან იქ ბავშვებიც ცხოვრობენ.

ბინა, რომელშიც ოჯახი არ გადავიდა

2018 წელს სახელმწიფომ პირტახიების ოჯახს ბინა გადასცა, თუმცა ოჯახმა იქ გადასვლაზე უარი თქვა. მათი თქმით, ხუთსულიანი ოჯახისთვის შეთავაზებული საცხოვრებელი არასაკმარისი იყო.

ოჯახის თქმით, სააგენტოში უთხრეს, რომ საკითხს მოგვიანებით გამოასწორებდნენ და უფრო შესაბამის ბინას მისცემდნენ. ეს დაპირება წერილობით არ გაფორმებულა.

ოჯახი დღემდე ძველ საცხოვრებელში დარჩა.

2022 წელს პირტახიებმა სააგენტოს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა კვლავ მოსთხოვეს. სააგენტომ განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა, მათ შორის იმ არგუმენტით, რომ შენობა უკვე დახურული იყო და ოჯახის განსახლების საკითხი მისი დაცლის შემდეგ განიხილებოდა.

ომბუდსმენი: უარი არალეგიტიმური იყო

2023 წლის 20 აპრილს სახალხო დამცველმა ნანი პირტახიას ოჯახის საქმე შეისწავლა და დაადგინა, რომ სააგენტოს მოქმედებებით ოჯახის ადეკვატურ საცხოვრებელზე უფლება დაირღვა.

სახალხო დამცველის შეფასებით, სააგენტომ ვერ წარმოადგინა დამაჯერებელი სამართლებრივი საფუძველი იმის დასადასტურებლად, რომ ოჯახი დაკავებულ ფართს უკანონოდ ფლობდა.

ომბუდსმენმა ასევე აღნიშნა, რომ სააგენტოს მიდგომა — დახურულ ობიექტში მცხოვრები დევნილების განსახლების საკითხი შენობის დაცლამდე არ განიხილებოდეს — მისივე სხვა პრაქტიკას არ შეესაბამებოდა.

სახალხო დამცველმა სააგენტოს ურჩია საქმის ადმინისტრაციული წარმოების განახლება, ოჯახის საჭიროებების ხელახლა შეფასება და შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში მისი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა. საჭიროების შემთხვევაში უნდა განხილულიყო დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფაც.

„16 კვადრატის მოკლება დაკმაყოფილებაა?“

ოჯახის ადვოკატი ლიანა ბენიძე ამბობს, რომ პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რამდენი კვადრატული მეტრი ბინა შესთავაზა სახელმწიფომ ოჯახს –  მნიშვნელოვანია, აკმაყოფილებს თუ არა ეს საცხოვრებელი ოჯახის საჭიროებებს.

მისი თქმით, კიდევ ერთ საქმეში სამი ადამიანისგან შემდგარ ოჯახს 46 კვადრატული მეტრის ბინა შესთავაზეს. ოჯახი იქ არ გადავიდა, რადგან, ბენიძის თქმით, კანონმდებლობით მათთვის უფრო დიდი ფართი იყო გათვალისწინებული. ამასთან, ოჯახის რძალი ორსულად იყო და მალე უფრო დიდი საცხოვრებლის საჭიროება დადგებოდა.

მოგვიანებით ოჯახი გადასვლაზე დათანხმდა, თუმცა ბინაში გათბობის მოწყობის პრობლემაც აღმოჩნდა – ბენიძის თქმით, იქ მხოლოდ ელექტროენერგიით გათბობა იყო შესაძლებელი. საბოლოოდ, იმავე ბინაში სახელმწიფომ ორსულიანი ოჯახი შეასახლა.

„16 კვადრატის, თითქმის ორი ოთახის მოკლება დაკმაყოფილებაა?“ – ამბობს ბენიძე.

სასამართლო

ამჟამად ნაგომარის ქუჩაზე დარჩენილ დევნილ ოჯახებსა და „თელასს“ შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს.

2026 წლის 22 სექტემბერს გამართულ სხდომაზე ბენიძემ მოითხოვა, რომ პროცესში დევნილთა სააგენტოც ჩართულიყო. მისი თქმით, სააგენტომ „თელასს“ აცნობა, რომ შენობაში მცხოვრები ყველა დევნილი უკვე დაკმაყოფილებული იყო და ისინი საცხოვრებელში გადასვლაზე უარის გამო რჩებოდნენ.

„მე მოვიწვიე სასამართლოში დევნილთა სამინისტრო, რომ გვითხრას, ეკუთვნით თუ არა 46 კვადრატი ამდენსულიან ოჯახს“, – ამბობს ბენიძე.

საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა. ამ ეტაპზე მხარეებმა მხოლოდ შუამდგომლობები განიხილეს. შემდეგი სხდომა 3 დეკემბერს არის დანიშნული.

ბენიძის თქმით, მისი მიზანია, დევნილთა სააგენტოსგან მიიღოს ადმინისტრაციული დაპირება, რომ მისი კლიენტები შესაბამისი საცხოვრებლით დაკმაყოფილდებიან.

„ახლა ორ უკიდურესობაში არიან: გაასახლებს „თელასი“ და საცხოვრებლის გარეშე რჩებიან, არ გაასახლებს და – საშიშ შენობაში ცხოვრობენ“, – ამბობს ადვოკატი.

მისი თქმით, ოჯახის შეცდომა ის იყო, რომ სააგენტოს სიტყვიერ დაპირებას ენდნენ და არ მოითხოვეს წერილობითი დადასტურება, რომ მათ სხვა საცხოვრებლით დააკმაყოფილებდნენ.