სომხური კონიაკის მწარმოებელი „არარატის“ დაახლოებით 20 სატვირთო ავტომობილი, რომლებიც კონიაკით არის დატვირთული, დაახლოებით ერთი თვეა რუსულ მხარეს, ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან გადაადგილებას ვერ ახერხებს. ამის შესახებ სატვირთოების მძღოლებმა სომხურ გამოცემა Shamshyan.com-ს განუცხადეს.
მძღოლების თქმით, დაახლოებით ერთთვიანი ლოდინის პერიოდში მათ საკვებისა და საწვავისთვის განკუთვნილი თანხაც დახარჯეს და ახლა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
„არარატის“ კონიაკის, ღვინისა და არყის ქარხნის პრესსპიკერის, ინგა გალუსტიანის განცხადებით, თავად პროდუქტის შემადგენლობა არ შეცვლილა და საუბარია იმავე კონიაკზე, რომლის ექსპორტიც ქარხანას მანამდე შეუფერხებლად შეეძლო.
მისი თქმით, რუსულ მხარეს კონიაკთან დაკავშირებით კითხვები გაუჩნდა, რის გამოც პროდუქციის ნიმუშები აიღეს და ექსპერტიზაზე გაგზავნეს. ამჟამად ქარხანა ექსპერტიზის შედეგებს ელოდება.
გალუსტიანის განცხადებით, საუბარია დაახლოებით 20 სატვირთოზე.
მისივე თქმით, მიზეზი, რის გამოც რუსულმა მხარემ ნიმუშების აღება გადაწყვიტა, მაშინ როცა პროდუქციასთან დაკავშირებით მანამდე პრობლემა არ ყოფილა, რუსული მხარის კომპეტენციაა.
რაც შეეხება მძღოლების მოთხოვნას კომპენსაციასთან დაკავშირებით, ქარხნის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ გადამზიდავებთან ურთიერთობა ხელშეკრულებით რეგულირდება და შესაბამისი საკითხები ქარხნის კომპეტენციაში არ შედის.
მანამდე, 15 სექტემბერს, სომხურმა NEWS.am-მა „ჰრაპარაკზე“ დაყრდნობით დაწერა, რომ „არარატის“ ქარხნის მიერ წარმოებული „ნოუის“ კონიაკით დატვირთული დაახლოებით ორი ათეული სატვირთო რუსულ მხარეს გადაადგილების ნებართვას ვერ იღებდა.
„არარატის“ ქარხნის გარშემო ვითარება მას შემდეგაც შეიცვალა, რაც 2026 წლის ივლისის ბოლოს სასამართლოს გადაწყვეტილებით საწარმოს აქციების მართვა და შენარჩუნება სომხეთის სახელმწიფოს გადაეცა. გადაწყვეტილება გიგიკ წარუკიანის ქონების შესაძლო უკანონო წარმომავლობის შესახებ მიმდინარე საქმის ფარგლებში მიიღეს.
სომხეთის პროდასავლური პოლიტიკური კურსის ფონზე, 2026 წლის მაისის ბოლოდან რუსეთმა სომხეთის რამდენიმე სახეობის პროდუქციის იმპორტზე ეტაპობრივად შეზღუდვები დააწესა. რუსული მხარე ამის მიზეზად ფიტოსანიტარულ მოთხოვნებთან დაკავშირებულ დარღვევებს ასახელებდა. შეზღუდვები შეეხო, მათ შორის, ყვავილებს, მინერალურ და სასმელ წყალს, ზოგიერთი ბრენდის ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებს, ხილს, ბოსტნეულს, ყურძენს, კარტოფილსა და ჩირს. მოგვიანებით შეზღუდვების ჩამონათვალს ცოცხალი თევზი, თევზის პროდუქტები და რძის პროდუქტებიც დაემატა.
