სპეციალური პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს, რა დროსაც, მსჯავრდებულის განცხადებით, მოხდა მასზე სექსუალური ძალადობა. უწყება ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სიცრუეა.
პენიტენციურის განმარტებით, პენიტენციური დაწესებულების დებულებისა და პენიტენციური კოდექსის შესაბამისად, დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება – დათვალიერებას. უწყება აცხადებს, რომ აღნიშნულზე დავითაძემ „კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“.
„კადრებშიც ჩანს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით.
კადრების გასაჯაროებისგან აქამდე თავს ვიკავებდით ერთადერთი მიზეზით – საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და არ გვინდოდა, ჩვენი ქმედება ვინმეს მიერ გამოძიებაზე ზეწოლის მცდელობად ყოფილიყო აღქმული. თუმცა, საკითხის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის, საქმის განსაკუთრებული სენსიტიურობის და მსჯავრდებულის ოჯახის მხრიდან უწყების დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობის გათვალისწინებით, პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება“, – ამბობს უწყება.
უწყება ამბობს, რომ 2026 წლის 3 მარტიდან დღემდე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებაში მისი ნებისმიერი გადაადგილების ამსახველი უწყვეტი ვიდეომასალა დაარქივებულია. პენიტენციური აცხადებს, რომ მზად არიან აღნიშნული მასალებიც, კანონმდებლობით დადგენილი წესისა და მოთხოვნების შესაბამისად, გადასცეს ყველა დაინტერესებულ მხარეს.
„ეს არ არის სრული. ეს არის ნაწილი იმ კადრის. 5 ფაილი ვნახე. ეს არის ახლა შოუ ამათი. […] მოჭრეს ერთი წამი, რაც მათ აწყობდათ. არ გამოგივათ, რომ გარეცხოთ ეს დანაშაულებრივი ქმედებები… სადღაც 20 წუთი მიმდინარეობდა, მე რა ფაილებიც მაქვს ნანახი. მაშინ დეტალებშიც შევალ, სხვა გზას არ მიტოვებენ ეს არაკაცები. […] ეს ჯალათები, რომლებსაც 20 წუთის განმავლობაში მხოლოდ დეესკალაციის, სადღაც ჯურღმულში მიჰყავდათ, გიორგი მშვიდად მიყვება, არ იცის, რისთვის მიჰყავთ ოღონდ. 10 კაცი თავზე დაესია და რა თქმა უნდა მიყვება ჩვეულებრივად, ძალიან მშვიდად“, – ამბობს პატიმრის დედა „ტვ პირველთან“.
იხილეთ:
