პოლიტიკური პარტიები ეხმაურებიან გიორგი დავითაძის განცხადებას ციხეში გაუპატიურების შესახებ და ამბობენ, რომ სისტემის რეაგირება და გამოქვეყნებული კადრები კიდევ უფრო არწმუნებთ პატიმრის მონათხრობის სისწორეში.
„გიორგი დავითაძე ჩემი კლასელია, უამრავი წელია ვიცნობ და 100% დარწმუნებული ვარ, რომ რაც სასამართლოზე მოყვა, სიმართლეა. პირადად მე გამოვრიცხავ არათუ ტყუილს, გადაჭარბებასაც. სისტემის რეაგირება გიორგის მონაყოლზე კიდევ უფრო მარწმუნებს, რომ შემზარავი ძალადობის მსხვერპლია. სისტემა დანაშაულის გამოძიებაზე კი არ ლაპარაკობს, რასაც, წესით, პირველ რიგში უნდა აკეთებდნენ, გიორგის და მისი ოჯახის სახელის შელახვით დაკავდნენ უსწრაფესად. ეს ადასტურებს, რომ საშინელების მიჩქმალვას ცდილობენ“, — წერს გიგა ლემონჯავა, „დროას“ წევრი.
ის მხარდაჭერას უცხადებს გიორგი დავითაძეს და მის ოჯახს. ამასთან, ამბობს, რომ მხოლოდ სიტყვებით გამოხატული მხარდაჭერა საკმარისი არაა და საჭიროა ერთობლივი მოქმედება ამ ბოროტების წინააღმდეგ.
„24 საათის განმავლობაში ეს საკითხი დეტალებში უნდა გავარკვიოთ და შემდეგ ადეკვატურად ვიმოქმედოთ“, — წერს პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამიაც.
„ამ წუთში თავს შევიკავებ პატიმარ გიორგი დავითაძის მიერ მოყოლილი უმძიმესი ამბის საბოლოოდ ფაქტად გამოცხადებისგან, მაგრამ არანაირი საფუძველი, რომ ამ ბიჭს არ ვენდო, არ მაქვს. მოვითხოვ საჯარო განმარტებებს (და არა კომენტარებსა და უწყებრივ განცხადებებს) და სრულ ინფორმაციას სასჯელაღსრულების დეპარტამენტისგან და სახალხო დამცველისგან! თუ ეს განცხადებები გონივრულ ვადაში არ გაკეთდება, ჩავთვლი, რომ ის, რასაც პატიმარი დავითაძე ყვება, სრული სიმართლეა და ის არის წამების მსხვერპლი. მე არ ვიცი, ვინ არის მისი ოჯახი და რა პოლიტიკური პრეფერენციები აქვს თუ ჰქონდა წარსულში. პატიმარმა გაგვიზიარა შოკის მომგვრელი ამბავი, რომლის მოყოლა მისთვის საშინლად მძიმე იქნებოდა და უზარმაზარ გამბედაობას საჭიროებს. ეს პრობლემა ეხება მასაც და ყველა პატიმარს იმავე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. შესაძლოა, არა მხოლოდ ამ ციხეს“, — წერს გვარამია სოციალურ ქსელში.
ბრიფინგი გამართა პარტიის „გახარია — საქართველოსთვის“ წევრმა სოფიო ხორგუანმა და თქვა, რომ მათი ფრაქცია ყველა საპარლამენტო მექანიზმს გამოიყენებს და მოინახულებს პატიმარს.
„ოცნების“ მმართველობის მე-14 წელს საზარელი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ციხეში ახალგაზრდა კაცი გააუპატიურეს. სამწუხაროდ, „ოცნება“ ჩამოყალიბდა იმ დაჯგუფებად, რომელმაც სრულად აითვისა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების მმართველობის სტილი, იმ მონა მოსამართლეებით სასამართლოში, იგივე დეპუტატებით, იგივე ყოფილი მინისტრებით ხელისუფლებაში და სწორედ ამიტომ, საზოგადოებაში არ არსებობს ნდობა, რომ იგივე არ ხდება ციხეებში. მოვითხოვთ სასწრაფო გამოძიებას. გავრცელებული კადრები კიდევ უფრო მეტად აღრმავებს ეჭვს. რაც ვიხილეთ, სწორედ იმას ამტკიცებს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა და რომ პენიტენციურ სისტემაში თანამშრომლები მოძალადეები არიან“, — განაცხადა სოფო ხორგუანმა.
გახარიას პარტია ითხოვს, გამოძიების მიმდინარეობისას უფლებამოსილება შეუჩერდეთ შესაბამის პირებს: დეპარტამენტის უფროსს, დაწესებულების დირექტორს და იმ პირებს, ვინც მონაწილეობდნენ ფაქტში.
სოფო ხორგუანმა მიმართა იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას, რომ ის პირადად არის პასუხისმგებელი გიორგი დავითაძის ფიზიკურ უსაფრთხოებაზე.
„ის პირი, რომელიც დღეს არის იმ დაწესებულების დირექტორი, ადრეც იყო შემჩნეული მსგავს ფაქტებში და იმის გამო, რომ გამოძიებამ არ დადო ის შედეგები, რომელიც უნდა დაედო, გვაქვს ეს ვითარება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პაატა სალიას, რომ მან პირადად უზრუნველყოს ამ პატიმრის, ამ ახალგაზრდა კაცის უსაფრთხოება“, — დასძინა ხორგუანმა.
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პატიმრების წამების თემით ხელისუფლებაში მოსული ძალა „არაქართული ოცნების“ სახით დღეს თავად არის პატიმრების წამებაში, არაადამიანურ მოპყრობასა და ღირსების შელახვაში ბრალდებული.
მისი თქმით, აუცილებელია, სასწრაფოდ დაიწყოს ობიექტური გამოძიება, რომლის დასრულებამდეც ყველა მონაწილე პირს უფლებამოსილება შეუჩერდეს. ასევე აუცილებელია, რომ ამ პროცესებში ჩაერთონ საერთაშორისო ადამიანების უფლებადაცვითი ორგანიზაციები.
„ის ვიდეო, რაც გამოქვეყნდა პენიტენციური დაწესებულების მხრიდან, არათუ აქარწყლებს ეჭვებს, არამედ პირიქით, ბევრად უფრო მეტს აჩენს. ხელთათმანიანი კაცი, რომელიც ჩანს კადრებში, კიდევ ერთხელ იმ ეჭვის საფუძველია, რომ მართლაც დანაშაული მოხდა. ეს აუცილებლად უნდა გამოიძიოს დამოუკიდებელმა საგამოძიებო ორგანომ. ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი შეფასება და მოთხოვნაა. მოგმართავთ პატიმრებს — დანაშაულები, რომელიც შესაძლოა, ყოველდღიურად თქვენ წინააღმდეგ მიმდინარეობს და რომელზეც ყოფილი პატიმრები აქტიურად საუბრობენ, არ დარჩება დაუსჯელი. ჩვენი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ სრულიად დამოუკიდებელი და ობიექტური მონიტორინგი ჩატარდეს საქართველოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში. მეორე, საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები დაუყოვნებლივ ჩაერთონ პროცესში და ადამიანის უფლებები შესწავლილი იქნეს მყისიერად და ახლავე, მათ შორის შესწავლილი იქნას გადავსებული საკნების პრობლემა. მესამე, პასუხისგებაში მიეცეს ყველა პირი, თუ ეს დანაშაული დადასტურდება — ბადრაგებიდან დაწყებული, უწყების მაღალჩინოსნებით დამთავრებული, და სანამ საგამოძიებო ობიექტური პროცესი დასრულდება, მანამდე ყველა მონაწილე პირს უფლებამოსილება შეუჩერდეს“, — განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
პატიმარი გიორგი დავითაძე აცხადებს, რომ ციხეში ბადრაგებმა გააუპატიურეს.
„ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს — თითით, ხელით. ვამბობ აქედან, ოჯახის თანდასწრებით. ბატონო მოსამართლე, ჩანს, როგორ აკეთებს ამ მოძრაობას ჩემს საჯდომთან. ამ დროს მატყუებს, რომ თითქოს აქვს შარვალი ჩახდილი, მაგრამ თითი აქვს შეყოფილი. ამაზე მეტი კაცს რა უნდა გაგიკეთონ. გამაუპატიურა 10-მა კაცმა, ბადრაგი ესწრება და ჩანს კამერაში ყველაფერი. კამერების ქვეშ აკეთებენ ყველაფერს, ისე დგანან, რომ არ გამოჩნდეს, მაგრამ ვერ ფარავენ მაინც“, — ამბობს დავითაძე.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს გიორგი დავითაძის განცხადებას და პატიმრის ოჯახს უწყების დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.
პენიტენციური ასევე გამოაქვეყნა 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრები, რა დროსაც, მათი თქმით, მსჯავრდებული შემოწმება–დათვალიერებას დაექვემდებარა. დავითაძის თქმით კი, მოხდა მასზე სექსუალური ძალადობა.
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის დედა ამბობს, რომ ეს მასალა სრული არაა და პროკურორმა 20 წუთამდე კადრები აჩვენა.
პენიტენციური დეესკალაციის საკანში გიორგი დავითაძის ყოფნის კადრებს ასაჯაროებს
