ევროკავშირი პერსპექტიულ კანდიდატებს ერთიან ბაზარზე ეტაპობრივ ინტეგრაციას შესთავაზებს.
Politico-ს ცნობით, ამას ითვალისწინებს ევროკომისიის წინადადება გაფართოებამდელი პოლიტიკის გადახედვის შესახებ. დოკუმენტი, რომლის სამუშაო ვერსიასაც გამოცემა გაეცნო, ევროკავშირის ლიდერებს 6 ოქტომბერს უნდა წარედგინოს.
ევროკავშირის ერთიანი ბაზარი არის ბლოკის შიდა ბაზარი, სადაც უზრუნველყოფილია საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და პირთა თავისუფალი გადაადგილება და სადაც მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ ცხოვრება, მუშაობა, სწავლა და ბიზნესსაქმიანობა.
კომისიის გეგმის თანახმად, კანდიდატი ქვეყნებისთვის შეთავაზებული ეკონომიკური სარგებელი დამოკიდებული იქნება მათ მიერ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური მიზნების მხარდაჭერაზე. ერთიან ბაზარზე წვდომის წინაპირობა კი ის იქნება, რომ მათ არ გაუზიარონ საკვანძო ტექნოლოგიები მტრულად განწყობილ სახელმწიფოებსა და სავაჭრო კონკურენტებს.
„ინდუსტრიული და საბაზრო ინტეგრაციის გაღრმავებასთან ერთად, სენსიტიურ სექტორებში მონაწილეობას თან უნდა ახლდეს თანამშრომლობა ინვესტიციების შემოწმების, ექსპორტის კონტროლის, სანქციების აღსრულებისა და სენსიტიური ტექნოლოგიების დაცვის კუთხით. წვდომის მინიჭების შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნას სტრატეგიული თავსებადობა, კრიტიკული დამოკიდებულებები და ინფრასტრუქტურასა და მიწოდების ჯაჭვებთან დაკავშირებული რისკების მართვის შესაძლებლობები. იქ, სადაც ეს პირობები არ არის დაკმაყოფილებული, მონაწილეობის მასშტაბი უნდა დაკორექტირდეს მოქმედი ინსტრუმენტის შესაბამისად“, — ნათქვამია პოლიტიკის გადახედვის დოკუმენტში.
იმ სფეროებს შორის, რომლებიც მჭიდრო თანამშრომლობისთვის განიხილება, არის ნახევარგამტარები (semiconductors), კვანტური ტექნოლოგიები, ბიოტექნოლოგია, ხელოვნური ინტელექტი და კოსმოსი.
დოკუმენტის თანახმად, კანდიდატი ქვეყნების საბოლოო მიზანი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა უნდა იყოს.
„თუმცა, გაწევრიანებას დრო სჭირდება: კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა გაიარონ მკაცრი, დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი და განახორციელონ შორსმიმავალი და მდგრადი რეფორმები. ეს დრო სრულად უნდა იქნას გამოყენებული სტრატეგიულად, რათა კავშირი მოემზადოს უფრო ფართო წევრობისთვის და გაღრმავდეს ეტაპობრივი ინტეგრაცია ორმხრივი ინტერესის სფეროებში. იქ, სადაც ეს ვალდებულებები არ სრულდება, მონაწილეობა უნდა დარჩეს შექცევადი. საჭიროების შემთხვევაში, [ერთიან ბაზარზე] წვდომა უნდა შეჩერდეს ან გაუქმდეს,“ — ნათქვამია დოკუმენტში.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისია მუშაობს გაფართოებისა და ახალი წევრებისთვის წესების გადახედვის წინადადებაზე, რომელიც ევროკავშირის ლიდერებმა 15 ოქტომბერს დაგეგმილ ევროპულ საბჭოზე უნდა განიხილონ.
ეს მოიცავს ახალი წევრების უფლებებისა და მოვალეობების გამკაცრებას, ისევე როგორც უსაფრთხოების მექანიზმებს, რომლებიც შეუზღუდავს მათ გადაწყვეტილებების ჩაშლის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს.
განსახილველ ვარიანტებს შორისაა გადასვლა ისეთ მოდელზე, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მეტი გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების კვალიფიციური უმრავლესობით მიიღებოდეს. ე.წ. გარდამავალი მუხლები, რომლებიც იძლევა გადაწყვეტილებების უმრავლესობით (და არა ერთხმად) მიღების საშუალებას, შეიძლება გამოყენებულ იქნას სანქციების მიღების, ადამიანის უფლებების კრიზისებზე რეაგირებისა და კონფლიქტურ ზონებში სამოქალაქო მისიების განლაგების გასამარტივებლად, თუმცა ამ მუხლების ასამოქმედებლად, თავად წევრი ქვეყნების ერთსულოვანი მხარდაჭერაა საჭირო.
ასევე, ახალი ზომების პაკეტის ფარგლებში, უკრაინას, მოლდოვას, ალბანეთსა და მონტენეგროს შესთავაზებენ „საგზაო რუკებს“, რომლებიც მიზნად ისახავს უახლოეს წლებში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას.
ამ თემაზე:
ირლანდიის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები და გაფართოება საქართველოს გარეშე
ირლანდიის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები და გაფართოება საქართველოს გარეშე
Politico: ბრიუსელი 4 პერსპექტიული კანდიდატი ქვეყნისთვის სამოქმედო გეგმებს ამზადებს
