„ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP) საქართველოს შესახებ მიიღო მორიგი კრიტიკული რეზოლუცია – „ავტორიტარული უკუსვლა საქართველოში“ .

რეზოლუცია 28-29 სექტემბერს მიიღეს ტულუზაში გამართული EPP-ს პოლიტიკური ასამბლეის შემდეგ. „ევროპის სახალხო პარტია“ ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფითაა წარმოდგენილი და საქართველოდან მისი ერთ-ერთი წევრი პარტია „ნაციონალური მოძრაობაა“.

რეზოლუციით „ევროპის სახალხო პარტია“ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის მკვეთრი გაძლიერების და ქვეყანაში მიმდინარე კონსტიტუციური, პოლიტიკური და ადამიანის უფლებათა კრიზისის გამო, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს სისტემურ რეპრესიებს პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებების, სისხლისსამართლებრივი დევნის, დაშინებისა და რეპრესიული კანონმდებლობის მეშვეობით.

EPP-ს რეზოლუციაში საუბარია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის დაპატიმრებაზე და ნათქვამია, რომ ეს წარმოადგენს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოყენების შემდგომ ესკალაციას და პოლიტიკური გამოხატვის მზარდ კრიმინალიზაციაზე მიუთითებს.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ სასამართლო კვლავ გამოიყენება პოლიტიკური რეპრესიების იარაღად და არა სამართლის უზენაესობის დამოუკიდებელ გარანტად. ამ კონტექსტში დოკუმენტი საუბრობს „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეების შესახებ.

„ქართული ოცნების“ მზარდ შიდა ფრაგმენტაციას თან ახლავს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და წინა მმართველ წრეებთან დაკავშირებული პირების უპრეცედენტო წმენდა, მათ შორის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების თანამდებობიდან გათავისუფლების, გამოძიების, დაპატიმრებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის გზით; ეს მოვლენები მოწმობს მმართველ ელიტაში მზარდ არასტაბილურობას და აჩენს სერიოზულ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ შერჩევითი ანტიკორუფციული დევნა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემა სულ უფრო მეტად გამოიყენება რეჟიმის შიდა კონსოლიდაციისა და პოლიტიკური კონტროლის გამკაცრების ინსტრუმენტებად“, – ნათქვამია EPP-ს რეზოლუციაში.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ განაახლა საჯარო განცხადებები EPP-ის წევრი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ფარსად ქცეული პროცესის მეშვეობით, რაც საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ პლურალიზმს და ქმნის პირობებს ერთპარტიული დიქტატურის კონსოლიდაციისთვის.

„ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებით, საქართველოში შეკრების, გამოხატვისა და გაერთიანების ძირითადი თავისუფლებები მკაცრად შეზღუდული რჩება, ხოლო მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალის გადამეტების, წამებისა და არასათანადო მოპყრობის სარწმუნო ბრალდებები ჯეროვნად არ არის გამოძიებული;

„თავდასხმებმა დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიასა და აკადემიურ დაწესებულებებზე, ისევე როგორც საჯარო მოხელეთა დაშინებამ და გათავისუფლებამ, კიდევ უფრო გამოსთხარა ძირი დემოკრატიულ ინსტიტუტებს“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ამიტომ „ევროპის სახალხო პარტია“:

  • კვლავ უცხადებს** სოლიდარობას საქართველოს ხალხს მათი ლეგიტიმური, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების, დემოკრატიის, ძირითადი თავისუფლებების, სუვერენიტეტისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში;
  • მკაცრად გმობს გიორგი ბარამიძის დაპატიმრებას ცალსახად პოლიტიკური ბრალდებებით და მოუწოდებს ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისაკენ და ყველა პოლიტიკურად მოტივირებული დევნის დაუყოვნებლივ შეწყვეტისაკენ;
  • მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას პროცესებზე, რომლებიც მიზნად ისახავს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების, მათ შორის EPP-ის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას და პატივი სცეს პოლიტიკურ პლურალიზმს და მოქალაქეთა უფლებას, თავისუფლად აირჩიონ თავიანთი პოლიტიკური წარმომადგენლები;
  • მოითხოვს დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ჩადენილი წამების, არასათანადო მოპყრობის, ძალის გადამეტებისა და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევების ფაქტებზე, ხოლო პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემას;
  • მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, გააძლიერონ მიზნობრივი სანქციები და სხვა შეზღუდვები იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პოლიტიკურ რეპრესიებზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე, არჩევნების მანიპულირებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების მიტაცებაზე;
  • ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნება“ სრულად არის პასუხისმგებელი იმ შედეგებზე, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიებისთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას განახლებული რეგულაციის (EU) 2018/1806 8a(1)(h) მუხლის შესაბამისად და მოუწოდებს ევროკომისიას, უზრუნველყოს ამ ზომის მიზნობრივად გამოყენება პასუხისმგებელი თანამდებობის პირებსა და მათ ოჯახის წევრებზე;
  • კვლავ ადასტურებს, რომ არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისი, რომელიც სცდება საქართველოს ევროპულ გზას და ასუსტებს მის მედეგობას რუსული გავლენის მიმართ, შეიძლება გადაიჭრას მხოლოდ ჭეშმარიტად თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საპარლამენტო არჩევნების გზით, რომლებიც ჩატარდება დემოკრატიულ გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ და დაექვემდებარება სარწმუნო საერთაშორისო დაკვირვებას.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე 11 სექტემბერს დააკავეს.

გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლებით გამოძიება მიმდინარეობდა იაგო ხვიჩიას გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ გაკეთებული განცხადების გამო. აფხაზეთის ომის დროს ტყვეების გაცვლაზე საუბრისას ბარამიძემ თქვა, რომ „ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ“ და იაგო ხვიჩიას კითხვას, თუ რატომ მოხდა ასე, უპასუხა, რომ „ხვრეტდნენ“.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებას საფუძვლად დაედო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება. პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე, ომის ვეტერანები მალხაზ თოფურია და გია ნიშნიანიძე, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა და ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე.

გიორგი ბარამიძეს რუსეთის მიერ დაუსწრებლად 6 წლითა და 6 თვით პატიმრობა აქვს მისჯილი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის გამო.

იხილეთ ასევე: