შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი „ბლექსი არენა“, რომელიც სახურავის დაზიანების გამო უკვე ორი სეზონია გაჩერებულია, შესაძლოა რეაბილიტაციას დაექვემდებაროს.

სახელმწიფო კომპანიამ, შპს „სთარინგ ჯორჯიამ“, მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 2 663 844 ლარის გამოყოფა და სამუშაოების გამარტივებული წესით (ტენდერის გარეშე) შესყიდვა მოითხოვა.

ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი ითვალისწინებს არენის სახურავის დაზიანებული ლითონის კონსტრუქციის სრულფასოვან აღდგენასა და გაძლიერებას. პროცესი, რომელსაც 12 თვე დასჭირდება, Design-Build მეთოდით წარიმართება, რაც ნიშნავს, რომ ერთი კომპანია განახორციელებს როგორც პროექტირებას, ისე უშუალოდ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს.

რატომ ტენდერის გარეშე?

შემსყიდველი ორგანიზაცია გამარტივებული შესყიდვის მთავარ მოტივად დროის სიმცირეს ასახელებს. „სთარინგ ჯორჯიას“ განმარტებით, მრავალეტაპიანი ელექტრონული ტენდერის გამოცხადება და მასთან დაკავშირებული ბიუროკრატიული თუ გასაჩივრების პროცედურები პროექტის დაწყებას კიდევ უფრო გადაავადებს.

მათივე ცნობით, საკონცერტო სივრცე უკვე ორი სეზონია არ ფუნქციონირებს. დაგეგმილი 12-თვიანი სამუშაოების (5 თვე პროექტირება, 7 თვე უშუალოდ მშენებლობა) გათვალისწინებით, 2027 წლის საკონცერტო სეზონზე ობიექტის სრულფასოვანი ამუშავება შეუძლებელია. თუმცა კომპანიაში შიშობენ, რომ დროის დამატებითმა დაკარგვამ შესაძლოა 2028 წლის სეზონიც ჩააგდოს.

„არტისტებთან და მუსიკალურ ჯგუფებთან მოლაპარაკება წარმოადგენს კომპლექსურ და ხანგრძლივ პროცესს, რომელიც ღონისძიების ჩატარების თარიღამდე დიდი ხნით ადრე იწყება. აუცილებელია ღონისძიების ადგილის წინასწარ განსაზღვრა და ტექნიკური მზადყოფნის დასტურის მიწოდება. დამატებითი დროის დაკარგვამ შესაძლოა შექმნას 2028 წლის სეზონზეც საკონცერტო დარბაზის ფუნქციონირების აღდგენის შეფერხების რეალური რისკი”, – აღნიშნულია შესყიდვის დასაბუთებაში.

გარდა ამისა, დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სააგენტოს სისტემაში ბაზრის კვლევა 6-ჯერ გამოცხადდა, თუმცა, როგორც ჩანს, შესაბამისი კვალიფიკაციის მიმწოდებლის პოვნა რთული აღმოჩნდა.

კლიმატური დაბრკოლებები?

დროის სიმცირის კიდევ ერთ ფაქტორად დოკუმენტებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპეციფიკური კლიმატი სახელდება. სახელმწიფო კომპანიის თქმით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ლითონის შედუღებას მოიცავს, რისი უსაფრთხოდ და ხარისხიანად შესრულებაც ღია ცის ქვეშ, ნალექიან ამინდში შეუძლებელია.

“დროის დასაზოგად” სახელმწიფო კომპანია კიდევ ერთ საგამონაკლისო უფლებას ითხოვს: გამარჯვებულ კომპანიას არ მოეთხოვება ფაქტობრივად გაწეული ხარჯების (დეტალური ინვოისების, ზედნადებების და ა.შ.) დოკუმენტური დადასტურება.

შემსყიდველის თქმით, მასშტაბური სამუშაოებისას თითოეული დეტალის დოკუმენტური აღრიცხვა ზრდის ადმინისტრაციულ დატვირთვას და ანაზღაურების პროცესს აჭიანურებს. თუმცა სახელმწიფო კომპანია ირწმუნება, რომ ეს კონტროლის შესუსტებას კი არ ნიშნავს, არამედ შესრულებული სამუშაოების მოცულობა, ხარისხი და პროექტთან შესაბამისობა დამოუკიდებელი საექსპერტო დასკვნით დადასტურდება და თანხაც სწორედ ამის მიხედვით აუნაზღაურდება მიმწოდებელს.

წინასწარი გათვლებით, სარეაბილიტაციო პროექტი 2026 წლის 1 ნოემბერს უნდა დაიწყოს და 2027 წლის 31 ოქტომბერს დასრულდეს, ექსპლუატაციაში მიღების ჩათვლით, რათა “ბლექსი არენამ” შემდგომი წლების ღონისძიებებისთვის მასპინძლობა შეძლოს.

სახელმწიფო კომპანიის მოთხოვნა ჯერჯერობით განხილვის ეტაპზეა. მიიღებს თუ არა ამ შესყიდვის უფლებას, საბოლოო პასუხს კომპანია 2 ოქტომბრის შემდეგ გაიგებს.

“ბლექსი არენა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა ფონდებმა ააშენეს. შემდეგ კი სახელმწიფოს გადასცეს.