აზერბაიჯანული PASHA Holding თბილისში სასტუმროსა და A კლასის ბიზნესცენტრის გახსნას სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯალალ გასიმოვმა „Report“-ს აზერბაიჯანის მეორე საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის (AIIF 2026) ფარგლებში განუცხადა.
გასიმოვის თქმით, ახალი სასტუმრო-კომპლექსისა და A კლასის ბიზნესცენტრის გახსნისთვის ყველა საჭირო ნებართვა უკვე მიღებულია. მისი განცხადებით, ოფიციალური გახსნის ზუსტი თარიღი მოგვიანებით გამოცხადდება.
„Report“-ის ცნობით, კომპანიის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე PASHA Holding-ს თბილისის ფარგლებს გარეთ, საქართველოში კონკრეტული ახალი პროექტები დაგეგმილი არ აქვს. კომპანია განიხილავს ბათუმსა და საქართველოს სხვა ადგილებში დეველოპმენტის შესახებ შემოთავაზებებს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
თბილისში PASHA Holding-ის ახალი პროექტის შესახებ 26 სექტემბერს საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ხიდურელმაც ისაუბრა. მისი თქმით, PASHA Holding ცენტრალურ თბილისში სასტუმროებისა და მრავალფუნქციური კომერციული უძრავი ქონების სექტორში ახალი საინვესტიციო პროექტის განხორციელებისთვის ემზადება.
PASHA Real Estate-ის ოფიციალური ინფორმაციით, პროექტის სახელია Tbilisi Riverfront Office & Hotel. კომპანია მას დოდო აბაშიძის ქუჩაზე, კოტე მარჯანიშვილის მოედნის მახლობლად მდებარე კომპლექსად აღწერს. პროექტი მოიცავს 9-სართულიან, 152-ნომრიან სასტუმროსა და 5 000 კვადრატულ მეტრზე მეტ საოფისე ფართს.
PASHA Real Estate-ის პორტფელშიც Tbilisi Riverfront Office & Hotel საქართველოს პროექტად არის მითითებული.
