თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ საქმის განხილვა სასამართლომ 29 სექტემბერს დაიწყო.
აქტივისტმა სასამართლო პროცესი დატოვა მას შემდეგ, რაც დაუდასტურეს, რომ არა თანამდებობის პირის შეურაცხყოფას („ოცნების“ რიტორიკის თანახმად, ირაკლი კობახიძის) არამედ წვრილმან ხულიგნობას (აქტივისტის თანახმად, სიმონიანისა და სოლოვიოვისთვის შეგინებას) ედავებოდნენ.
აქტივისტსა და ბლოგერს ედავებიან საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას ვინაობების დაუკონკრეტებლად, კერძოდ კი, კომენტარის დაწერას „ამათი დედას შევე** на коленях (მუხლებზე დამდგარს)“.
კომენტარი თორნიკე რაზმაძემ თავისსავე პოსტზე დაწერა, ვიდეოზე, რომელიც 18 აგვისტოს განათავსა სოციალურ ქსელებში და რომელშიც მარგარიტა სიმონიანისა და ირაკლი კობახიძის ნათქვამებზე დაყრდნობით საუბრობდა, რამდენად ჰგავს და მეტად ემსგავსება ოკუპანტებისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების ტექსტები ერთმანეთს და რომ ეს ყველაფერი იქით მიდის, „ქართული ოცნება“ რუსეთთან რაღაც ღრმა თანამშრომლობას გეგმავს, რისთვისაც საზოგადოებრივი აზრის მომზადებას ცდილობს.
„პირდაპირ ამბობენ რუსები, რომ როგორც ერთი მეფე „ირაკლი“ მაშინ შეგვეხვეწა, რომ ჩვენი მფარველობის ქვეშ მიგვეღო [იგულისხმება მარგარიტა სიმონიანის ნათქვამი, რომ ერეკლე მეორე მუხლებზე დამდგარი იხვეწებოდა რუსეთისგან მფარველობას], სხვა ირაკლებიც ასე შეგვეხვეწებიანო“, — ამბობს ვიდეოში თორნიკე რაზმაძე და კომენტარში, რომელიც გინებას შეიცავს ადრესატის დაუკონკრეტებლად და რის გამოც ახლა სასამართლოში ედავებიან, სწორედ მარგარიტა სიმონიანის ციტატას იყენებს („на коленях“). როგორც თავად განმარტავს, სიმონიანის სიტყვების გამოყენებით თავად სიმონიანს და ვლადიმერ სოლოვიოვს აგინებდა და ეს ცხადი უნდა ყოფილიყო.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი 166, პირველი ნაწილი, წვრილმანი ხულიგნობა — ასე დაიწრიტა საბოლოოდ თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ ბოლო ერთი თვის მანძილზე შსს-ს თუ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მხრიდან ნაწარმოები კამპანია. ჩინოვნიკისთვის გინება სხვა მუხლით ისჯება – 173-ით. ამ მუხლით მას არ ედავებიან.
რა მოხდა სასამართლოში
თორნიკე რაზმაძემ სხდომა მაშინვე დატოვა, როგორც კი მოსამართლესთან დააზუსტა, საბოლოოდ მაინც რას ედავებოდა შსს — წვრილმან ხულიგნობას, თანამდებობის პირის შეურაცხყოფას თუ კიდევ რამე სხვას. მომდევნო სხდომას ის უკვე ადვოკატთან ერთად დაესწრება. მის არყოფნაში კი შსს-მ შესავალი სიტყვა თქვა, პატრიოტული, პროპაგანდისტული ჩანართებით და ერთგვარი მუქარით, რომ თორნიკე რაზმაძის ქცევა და რიტორიკა გავლენას იქონიებს იმაზე, რა მოთხოვნას დააყენებენ სასამართლოს წინაშე მისთვის სახდელის განსაზღვრასთან დაკავშირებით.
სანამ თორნიკე რაზმაძე სხდომას დატოვებდა, მან ახსნა, რატომ ჰქონდა კითხვები მოსამართლესთან, რატომ არ ჰყავდა ადვოკატი და რატომ ითხოვდა სხდომის გადადებას სულ რამდენიმე დღით, რომ როდესაც მოსამართლისგან გაიგებდა, რას ედავებოდა შსს, მაშინ აიყვანდა ადვოკატს და დაესწრებოდა საქმის განხილვას — „ადვოკატი დეკორაცია ხომ არ არის?! რისთვის ამეყვანა აქამდე“.
რაზმაძემ გაიხსენა თანამდებობის პირები და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებიც მასზე დამამცირებელ კომენტარებს აკეთებდნენ მედიაში, სოციალურ ქსელებში და ხაზს უსვამდნენ, რომ მან თანამდებობის პირს მიაყენა შეურაცხყოფა [ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი 173].
„სადაც ვიღაცა რაღაცას იტყვის, პროცესუალური თვალსაზრისით მნიშვნელობა არ აქვს“, — ჩაერთო შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, მარიამ კერესელიძე.
„ვიღაცაა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე [არჩილ გორდულაძე]?“ — კითხვას სვამს თორნიკე რაზმაძე.
[აქვე ცნობისთვის, რა თქვა არჩილ გორდულაძემ 11 სექტემბერს: „ამ პოსტში არის მის (რაზმაძის) მიერ გამოხატული ლანძღვა-გინება, საჯარო შეურაცხყოფა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ. ეს არის ქართული კანონმდებლობის მიხედვით დასჯადი, გაცილებით უფრო რბილად და მსუბუქად, ვიდრე ეს არის, მაგალითად, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში თუ საფრანგეთში “.]
კამათი მოსამართლე ნინო ენუქიძემ აღკვეთა და თქვა, რომ ის ინფორმაციას არც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ეძებს და საერთოდაც, დამოუკიდებელი სასამართლო განსახილველ საქმეზე სხვა პირების შეფასებებით არ ინტერესდება.
მოკლედ რომ ვთქვათ, შსს-ს წარმომადგენელმა არაერთხელ და ხაზგასმით უარყო, რომ თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ საქმის წარმოება კრემლის პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფისთვის დაიწყო, რომ ეს მტკიცება თორნიკე რაზმაძეს მისი საქმის გარშემო ხმაურისთვის სჭირდებოდა, რადგან კარგად იცოდა, „რა ეტკინებოდა ქართველ ხალხს“ და რომ ვერაფრით მოახერხეს 173-ე მუხლის წაყენება (თანამდებობის პირის შეურაცხყოფა), რადგან ამის საშუალება თორნიკე რაზმაძემ არ მისცა — კომენტარში არავისი გვარი და სახელი დაუწერია. შესაბამისად, სხვა რაღა დარჩენოდათ, თუ არა 166-ე მუხლის „არჩევა“ — წვრილმანი ხულიგნობა, საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება და შეურაცხმყოფელი გადაკიდება.
„2026 წლის 19 აგვისტოს ცნობილი გახდა მონიტორინგის ფარგლებში ამ პოსტის შესახებ. დათვალიერდა და დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. […] ნათელი იყო შსს-სთვის, რომ ეს კონკრეტული გინება მიემართებოდა სახელისუფლებო გუნდს. ვიდექით იმ გადაწყვეტის წინაშე, კვალიფიკაცია რა კუთხით უნდა წარმოგვედგინა. არსებობს173-ე მუხლიც, რომელიც ითვალისწინებს თანამდებობის პირს. და ამ მუხლის მიზანია გამოიკვეთოს კონკრეტული თანამდებობის პირი, ვისაც აყენებენ შეურაცხყოფას. ამ კომენტარში კონკრეტული გვარ-სახელი არ იყო ნახსენები. ნათელი იყო, ვისაც მიემართებოდა, მაგრამ რადგან არ იყო გვარ-სახელი და მტკიცების ტვირთი მოგეხსნებათ, ჩვენზეა, ავირჩიეთ 166-ე მუხლი, რომელიც არ მოითხოვს ადრესატის განსაზღვრას“, – განაცხადა სასამართლოში მარიამ კერესელიძემ.
ამის შემდეგ შსს-ს წარმომადგენელი კიდევ უფრო შორს წავიდა და სასამართლოში მოვისმინეთ ისეთი შეფასებები, როგორიცაა, რომ თორნიკე რაზმაძე „ემოციებზე თამაშობს“ და ეს გათვალისწინებული იქნება მისთვის შესაფარდებელი სახდელის მოთხოვნისას მოგვიანებით.
„ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს, მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო დევნიდნენ. იყო ბევრი კომენტარი და, რა თქმა უნდა, მარგარიტა სიმონიანზეც, მაგრამ შსს-ს ამაზე რეაგირება არ მოუხდენია. ეს ჩვენთვის, როგორც ქართველებისთვის, იყო გასაგები. […] ხმაურისთვის შექმნა ვერსია, რომ შსს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის დაცვას ცდილობს და ამით სჯის საკუთარ მოქალაქეს. ზუსტად იცოდა ბატონმა თორნიკემ, რა ეტკინებოდა ქართველ ერს და მოირგო მსხვერპლის როლი, ეს იყო ემოციური თამაში. […] ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნება ჩვენ მიერ სახდელის მოთხოვნის დროს“, — თქვა მარიამ კერესელიძემ.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ სხდომას შსს-ში საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი პირი ესწრებოდა. უწყების ამ მიმართულების თანამშრომელი ადმინისტრაციულ სხდომებზე აქამდე არ გვინახავს.
ნეტგაზეთმა მარიამ კერესელიძეს სხდომის დასრულების შემდეგ კითხვა დაუსვა. მისი განცხადება სხდომათა დარბაზში (რომ თითქოს უწყებაში, „როგორც ქართველებს, ესმით ეს“ და სიმონიანისადმი გინებაზე რეაგირებას არ ახდენენ) ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ეთნიკური რუსების მიმართ აგრესიას დასაშვებად მიიჩნევენ და ხომ არ ჰგავს მათი მხრიდან ეს იმ „რუსოფობიას“, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა იციან შეფასება. მარიამ კერესელიძეს ამ კითხვისთვის არ უპასუხია და ჟურნალისტებს გაერიდა.
რა ხდებოდა სასამართლომდე მოკლედ
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქამდეც ირწმუნებოდა, რომ თორნიკე რაზმაძეს არა რუსი პროპაგანდისტების, არამედ ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავება, თუმცა რაზმაძე განმარტავდა, რომ ეს საზოგადოების მკვეთრმა რეაქციამ გამოიწვია.
შალვა პაპუაშვილმა თორნიკე რაზმაძეს ემოციურად დაზიანებული, ემოციური კრიზისების მქონე პიროვნება უწოდა, თქვა, რომ „პანიკური შეტევები აქვს, თითქოს მას სჯიან, რუს პროპაგანდისტს მიაყენა შეურაცხყოფა“. თავის მხრივ, რაზმაძემ ეს მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების სტიგმატიზებად შეაფასა.
ფაქტია, თორნიკე რაზმაძეს კომენტარში, რაზეც ედავებიან, არცერთი თანამდებობის პირისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. საქმის წარმოება მაინც დაიწყო და შსს-ს მოუწია, როგორც კერესელიძემ თავადვე თქვა, სხვა მუხლი „აერჩია“.
თორნიკე რაზმაძის საქმის განხილვა 15 ოქტომბერს, 14:30 საათზე გაგრძელდება.
166-ე მუხლი, რომლითაც რაზმაძეს ედავებიან, ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 3 000 ლარამდე, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
