მაუწყებლის შესახებ კანონპროექტი, რომელიც მედია გამჭვირვალობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, ჩასწორდა.
ჩასწორების თანახმად, მაუწყებლის მფლობელის არც ერთი აქცია, წილის არც ერთი პროცენტი არ შეიძლება ეკუთვნოდეს ოფშორში დარეგისტრირებულ პირს. ჩასწორებამდე კანონპროექტი მაუწყებელის წილის მფლობელს საშუალებას აძლევდა აქციების 10% ოფშორულ ზონაში ჰქონოდა დარეგისტრირებული.
ეს გადაწყვეტილება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გუშინდელ სხდომაზე მიიღო.
კანონპროექტის განხილვაში საპარლამენტო უმცირესობის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი წერს, რომ დოკუმენტი პირველი მოსმენით განსახილველად პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე გავა.
“ასეთი გადაწყვეტილება მიიღო კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ იქიდან გამომდინარე, რომ მედიის მესაკუთრეთა გამჭვირვალობის საკითხთან დაკავშირებით არ უნდა დარჩეს კითხვის ნიშნები”, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პავლე კუბლაშვილმა.