თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა გათავისუფლდნენ.
მათ რუსთავის ციხე ცოტა ხნის წინ დატოვეს.
ვასილ მხეიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმაა, ხოლო გიორგი ხაინდრავა ბურჭულაძის მოადგილე იყო. გიორგი ხაინდრავას პროკურატურა დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებოდა, ვასილ მხეიძეს — გაფლანგვაში დახმარებას.
მათ თავდაპირველად 8-8 წლით პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. თუმცა სექტემბერში გაფორმებული საპროცესო გარიგების შემდეგ, მათი რეალური საპატიმრო დრო 1 წლამდე და 2 თვემდე შემცირდა. რადგან ეს დრო უკვე გასული იყო, მათ ციხე სექტემბერშივე დატოვეს.
ორივე მათგანს ასევე დაეკისრა 100 000 ლარის ოდენობის ჯარიმა, მხეიძეს კი ჩამოერთვა კონტრაბანდული სიგარეტი და მასალები.
ერთ-ერთი პირობა, რის სანაცვლოდაც მათ სასჯელის შემსუბუქება მიიღეს, საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობაა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე.
სავარაუდოდ, საუბარია ირაკლი ღარიბაშვილისთვის ქრთამის აღების მუხლით წარდგენილ ბრალზე, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძემ და მხეიძემ ჩვენებები მისცეს. ბურჭულაძემ თქვა, რომ აიღო 1.5 მილიონი ლარის ქრთამი, საიდანაც ნახევარი (750 000 ლარი) თავად დაიტოვა, ხოლო მეორე ნახევარი ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.
რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, ის ციხეში რჩება. ის ორ საქმეზეა დამნაშავედ ცნობილი. ერთ საქმეში ბურჭულაძე ირაკლი ღარიბაშვილთან ერთადაა ფიგურანტი და ბრალდებული ქრთამის აღებაში. აღნიშნულ საქმეზე ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება აქვს გაფორმებული.
მეორე საქმე, რომელზე ჯუანშერ ბურჭულაძე დამნაშავედ ცნეს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაა.
პირველი სასამართლოთი მას 10 წლით ჰქონდა მისჯილი ციხე. საპროცესო გარიგებით კი სასჯელი გაუნახევრდა. ჯამში, ბურჭულაძეს მიესაჯა 5 წელი, საიდანაც რეალურად ციხეში 3 წელს გაატარებს (ვინაიდან ნაწილი უკვე მოხდილი აქვს, ციხეს ზუსტად 2 წელიწადში დატოვებს), ხოლო დარჩენილი 2 წელი პირობითი ექნება. ასევე, ის დაჯარიმდა 1 მილიონი ლარით და ჩამოერთვა ქონება (მათ შორის უძრავი ქონება ესპანეთსა და წყნეთში).
ფოტო: ტვ პირველი
