თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ნოროვირუსის ფაქტების გამოვლენის შემდეგ ბაღებში ამოქმედებულია რისკების მართვის დროებითი პროტოკოლი, რაც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს ეყრდნობა.
სააგენტოში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ „გარკვეული ცვლილებები შევიდა როგორც კვების რაციონში, ისე სასწავლო პროცესისთვის განკუთვნილი ინვენტარის მოხმარების კუთხით“.
უწყებამ არ დააკონკრეტა, რას მოიცავს ეს ცვლილებები და ამოღებულია თუ არა მენიუდან რძისა და ხორცის პროდუქტები, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაცია მედიაში მანამდე გავრცელდა.
სააგენტოში „ნეტგაზეთს“ უთხრეს:
„ნოროვირუსის ფაქტების გამოვლენის შემდეგ, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ამოქმედებულია რისკების მართვის დროებითი პროტოკოლი, რაც ეყრდნობა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს.თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო გადავიდა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. ყველა საბავშვო ბაღში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. პარალელურად, გამკაცრებულია სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმი და მისი კონტროლი. ხდება ზედაპირების დასუფთავება და სივრცეების დეზინფექცია ორ საათში ერთხელ და ტერიტორიის დეზინფექცია ყოველი სააღმზრდელო დღის ბოლოს. ასევე, გარკვეული ცვლილებები შევიდა როგორც კვების რაციონში, ისე სასწავლო პროცესისთვის განკუთვნილი ინვენტარის მოხმარების კუთხით.შეგახსენებთ, ეს არის დროებითი ღონისძიება, რომლის დასრულებისთანავე, ბავშვები დაუბრუნდებიან ჩვეულ სააღმზრდელო პროცესს“.
მიხეილ სარჯველაძემ 19 სექტემბერს თქვა, რომ 100-ს აჭარბებდა იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც ჰოსპიტალიზება დასჭირდათ. ამავე დღეს საკითხის შესახებ ისაუბრა თბილისის მერმა, რომლის განცხადებითაც, მტკიცებით ფორმაში საუბარი, რომ „ ეს არის საკვებიდან გამოწვეული პრობლემა“ ან ამის გამორიცხვა, სწორი არ იქნება. მისი განცხადებით, ელოდებიან შესაბამისი სამსახურების მოკვლევას.
იხილეთ ასევე:
