გივი ჯიბლაძემ, რომელიც მოწმედ იყო გამოძახებული „ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებლის, ელისო კილაძის საქმეზე, სასამართლოში, დახურულ სხდომაზე განაცხადა, რომ “ირაკლი ღარიბაშვილი არის პირი, რომელიც ქოლ-ცენტრებს მფარველობდა”. სხდომა დახურულია, მას ჟურნალისტები ვერ ესწრებიან. ეს ინფორმაცია ადვოკატმა განუცხადა ჟურნალისტებს.

„თქვა, რომ […] როდესაც პრემიერად მოვიდა ღარიბაშვილი, მან „გაწია“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და ღარიბაშვილმა ჩაიგდო ეს ქოლ-ცენტრები“, — ამბობს ელისო კილაძის ერთ-ერთი ადვოკატი, ნათია კორკოტაძე.

ადვოკატის თქმით, ეს ინფორმაცია ჯიბლაძეს გამოძიებისთვისაც აქვს მიწოდებული, მაგრამ ღარიბაშვილი გამოკითხული ამასთან დაკავშირებით არ არის.

„მე ეგ არ მითქვამს“ ,— ამ თემასთან დაკავშირებით ეს კომენტარი გააკეთა გივი ჯიბლაძემ ტვ პირველთან, როცა სასამართლოს ტოვებდა.

ნეტგაზეთი ცდილობს ცნობების გადამოწმებას ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატთან და შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ვიხილავთ თუ არა კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეს ღარიბაშვილის წინააღმდეგ, ჯერ უცნობია.

ამჟამად ღარიბაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორი საქმე არსებობს. ქრთამის აღება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ეს უკანასკნელი ღარიბაშვილს აღიარებული აქვს და მასთან საპროცესო შეთანხმებაც გაფორმებულია, რის საფუძველზეც ის ამჟამად ციხეშია 5-წლიანი სასჯელით.

რაც შეეხება ქრთამის აღებას: „ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერსა და ყოფილ პრემიერს ახალი ბრალი 24 აგვისტოს წარუდგინეს – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღება. ის ამ ბრალს არ აღიარებს და აპირებს სამართლებრივ ბრძოლას.

„ქრონიკა +“-ის დამფუძნებელი თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზეა დაკავებული. მისი საქმე დანარჩენი 9 პირის საქმეს გამოეყო და ცალკე წარმოებად განიხილება. კილაძე ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე მამუკა მდინარაძის შურისძიებაა. პროცესი დახურულია და მედიას არ აქვს საშუალება, თავად დააკვირდეს სასამართლოში ამ საქმეზე მიმდინარე მოვლენებს.

თავად გივი ჯიბლაძეც ბრალდებულია ელისო კილაძესთან ერთად თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეში, თუმცა გირაოს საფუძველზე გარეთ იმყოფება.

კიდევ სხვა ბრალდებულები არიან: ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, მერაბ ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული ძმები, დავით და გიორგი მიქაძეები, ირაკლი სეხნიაშვილი და სხვები. ბრალდებულებმა, გივი ჯიბლაძემ, ბენ ანორმა, თორნიკე ჯანელიძემ და გიორგი კამლაძემ, პროკურატურის განცხადებით, ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყვეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას. სასამართლომ ისინი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.