დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ჩატარებული კვლევებით დადასტურებულია, რომ თბილისის მასშტაბით უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევები გამოწვეულია ნოროვირუსით.

NCDC ამბობს, რომ ბავშვების უმრავლესობა, რომელთაც ბოლო დღეებში ეს ვირუსი ჰქონდათ, უკვე გამოჯანმრთელდნენ და სამედიცინო დაწესებულებები დატოვეს.

„შემთხვევები მიმდინარეობდა რაიმე გართულებების გარეშე. მეთვალყურეობა გრძელდება და რაიმე გართულების რისკი კვლავაც არ იკვეთება“, – წერია განცხადებაში.

NCDC ამბობს, რომ დაავადების შემდგომი გავრცელების შეკავების მიზნით რეკომენდებულია ყურადღება მიექცეს ხელის ჰიგიენას:

„განსაკუთრებით საკვების მიღებამდე და ტუალეტით სარგებლობის შემდეგ. ეს რეკომენდაცია ეძლევა განსაკუთრებით მათ, ვისი ოჯახის წევრებს ან კონტაქტში მყოფ პირებს ჰქონდათ აღნიშნული დაავადება“.

უწყების განცხადებითვე, ნოროვირუსის მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია:

  • სწორი ჰიდრატაცია, ორგანიზმში სითხის აღდგენა;
  • კვების რეჟიმის დაცვა – მინიმუმ 3-4 დღის განმავლობაში რძის პროდუქტების, ცხიმიანი, შემწვარი და ცხარე საკვების რაციონიდან ამოღება;
  • დიარეისა და ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება – მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

ბავშვები, რომლებიც ბოლო დღეებში პირღებინებითა და მუცლის ტკივილით მოხვდნენ კლინიკებში, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები არიან. ბაგა-ბაღების ნაწილში სააღმზრდელო პროცესიც შეჩერდა.

მიხეილ სარჯველაძემ 19 სექტემბერს თქვა, რომ 100-ს აჭარბებდა იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც ჰოსპიტალიზება დასჭირდათ. ამავე დღეს საკითხის შესახებ ისაუბრა თბილისის მერმა, რომლის განცხადებითაც, მტკიცებით ფორმაში საუბარი, რომ „ ეს არის საკვებიდან გამოწვეული პრობლემა“ ან ამის გამორიცხვა, სწორი არ იქნება. მისი განცხადებით, ელოდებიან შესაბამისი სამსახურების მოკვლევას.

იხილეთ ასევე:

ფოტო: Georgia Today; ბაღების მართვის სააგენტო.