სურსათის ეროვნული სააგენტო ამბობს, რომ საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა.
მათივე ცნობით, ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს სხვადასხვა დასახელების ცხოველური და არაცხოველური სურსათის 694 ნიმუში.
„ყველა მათგანი შეესაბამება სურსათის უვნებლობის დადგენილ ნორმებს“, – ამბობს სააგენტო.
მოკვლევა მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ერთ და იგივე კლინიკური ნიშნები გამოუვლინდათ და მათი ნაწილი საავადმყოფოში მოხვდა.
18 სექტემბერს, დილიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ათეულობით ბავშვი, რომელიც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღში დადის, კლინიკაში მოხვდა ინტოქსიკაციის ნიშნებით. ზოგიერთ ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ 19 სექტემბერს თქვა, რომ 100-ს აჭარბებდა იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც ჰოსპიტალიზება დასჭირდათ.
ამავე დღეს საკითხის შესახებ ისაუბრა თბილისის მერმა, რომლის განცხადებითაც, მტკიცებით ფორმაში საუბარი, რომ „ ეს არის საკვებიდან გამოწვეული პრობლემა“ ან ამის გამორიცხვა, სწორი არ იქნება. მისი განცხადებით, ელოდებიან შესაბამისი სამსახურების მოკვლევას.
NCDC-ის
თქმით, ჩატარებული კვლევებით დადასტურებულია, რომ თბილისის მასშტაბით უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევები გამოწვეულია ნოროვირუსით.