სუს-ის ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა გამოაცხადა.

გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის თქმით, განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება ქრთამის აღება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მათგან ორში ფიგურირებს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძეც, რომელმაც ჩვენება მისცა და თქვა, რომ ქრთამად აღებულ ფულს თავად აძლევდა ლილუაშვილს.

სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და ლილუაშვილი დამნაშავედ ცნო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდების შემდეგ ოთხ ეპიზოდში:

  • პირველი ეპიზოდი — ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ თბილისში მოწყობილი თაღლითური ქოლ-ცენტრის, თანამდებობრივი ავტორიტეტისა და ძალაუფლების გამოყენებით მფარველობისათვის. 2021-2022 წლებში გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით აიღო 1 365 000 აშშ დოლარი;
  • მეორე ეპიზოდი – 2022 წელს გრიგოლ ლილუაშვილმა, ქარის ელექტროსადგურების მშენებლობისა და განვითარების ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმების მსურველ ინვესტორს, საკითხის ლობირებისა და სასურველი შედეგის მისაღწევად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, ქრთამის სახით გამოართვა 1 000 000 აშშ დოლარი.
  • მესამე ეპიზოდი — 2022 წლის თებერვალში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია ,,ექსპრესსერვისი 2008-ის’’ დირექტორს და დამფუძნებელს, გაზიფიკაციის ტენდერებში ლობირების და გამარჯვების სანაცვლოდ, გრიგოლ ლილუაშვილმა მოსთხოვა და გამოართვა 1 500 000 ლარი.
  • მეოთხე ეპიზოდი — გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორ კახაბერ გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებისათვის მეწარმე სუბიექტებისგან, სააგენტოს თანამშრომლების მეშვეობით, ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. „ატკატებს“ იღებდა.

ბრალდების თანახმად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ 2018-2023 წლებში ქრთამის სახით აღებულმა თანხამ 5 325 943 ლარი შეადგინა.