16 სექტემბერს აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ მოქალაქე ვ. ა. ლიადოვა მას შემდეგ გადაიყვანეს უწყებაში, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ქალმა აფხაზეთის მიმართ გამოიყენა შეურაცხმყოფელი გამონათქვამი – “მაიმუნების რესპუბლიკა”.
დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, “მასთან პრევენციული საუბარი გაიმართა”.
ქალმა ასევე საჯაროდ მოიხადა ბოდიში.
“ბოდიშს ვიხდი წარმოთქმული სიტყვებისთვის. ეტყობა, რაღაცით ვიყავი გაღიზიანებული და შემთხვევით წამომცდა. მე აქ ვცხოვრობდი მუდამ და ვიცხოვრებ სულ ჩემს მშობლიურ აფხაზეთში” , – თქვა ქალმა ვიდეოჩანაწერში.
უწყების ცნობით, ლიადოვას განემარტა, რომ მსგავსი განცხადებები სამართლებრივ შედეგებს გამოიწვევს.
ვიდეოს გავრცელებას სოციალურ ქსელებში მომხმარებლების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა. ვიდეოში ქალი აფხაზეთს „მაიმუნების რესპუბლიკად“ მოიხსენიებს.
აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მოქალაქეები ქალის ქცევაზე რეაგირებას და შესაბამისი ზომების მიღებას ითხოვდნენ.
