აზერბაიჯანში პატიმრობაში მყოფი ეკონომისტი ფაზილ გასიმოვი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს მიმართავს და გათავისუფლებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დახმარებას სთხოვს. გასიმოვი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია და აცხადებს, რომ პატიმრობაში ძალადობის მსხვერპლი იყო.
როგორც „კავკაზსკი უზელი“ წერდა, 2025 წლის 13 მარტს ბაქოს სასამართლომ ეკონომისტ ფაზილ გასიმოვს ყალბი ფულის დამზადების ბრალდებით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაცვის მხარემ განაჩენს უსამართლო უწოდა და მისი გასაჩივრების პირობა დადო. 2025 წლის 29 სექტემბერს ბაქოს სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.
2023 წლის აგვისტოში ფაზილ გასიმოვი თურქეთში დააკავეს და აზერბაიჯანში გადაიყვანეს, რის შემდეგაც ის ყალბი ფულის დამზადების ბრალდებით დააპატიმრეს. თავად გასიმოვი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ეკონომისტ გუბად იბადოღლუსთან ერთად აზერბაიჯანში კორუფციის შესახებ მომზადებული მასალების გამო შურისძიებაა. საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული, ანარ ალიევი ფიგურირებდა, რომელმაც გასიმოვის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
პატიმრობაში მყოფმა მეცნიერმა და ეკონომისტმა ფაზილ გასიმოვმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს მიმართა და გათავისუფლებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დახმარება სთხოვა. მიმართვების ასლები, რომლებიც გამოცემა “კავკაზსკი უზელს” მეცნიერის ახლობლებმა გადასცეს, გასიმოვმა აზერბაიჯანში მის წინააღმდეგ დევნის პოლიტიკურ მოტივებზე მიუთითა.
„იმედი მაქვს, დამეხმარებით გავთავისუფლდე აზერბაიჯანის ციხეში მძევლობისგან, სადაც უკვე სამი წელია უკანონოდ ვიმყოფები“, – წერს გასიმოვი ფონ დერ ლაიენისადმი მიმართვაში.
ის მის დაკავებას უკავშირებს ეკონომისტ გუბად იბადოღლუსთან ერთად ლონდონში აზერბაიჯანის ახალგაზრდობის საგანმანათლებლო ფონდის შექმნის ინიციატივას. გასიმოვის აზრით, ამ ინიციატივამ აზერბაიჯანის ხელისუფლების უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ფონდის დაფინანსება საზღვარგარეთ აზერბაიჯანელი ჩინოვნიკების ქონების სავარაუდო კონფისკაციით მიღებული თანხებით იყო გათვალისწინებული.
გასიმოვი ასევე აცხადებს, რომ გამოძიების დროს მასზე ძალადობდნენ და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს აწამლევინებდნენ. მიმართვებში ასევე აღნიშნულია, რომ გამოძიებისა და სასამართლო პროცესის დროს დაცვის მხარის უფლებები მტკიცებულებებთან გაცნობაზე შეზღუდული იყო, ხოლო ზოგიერთი ვიდეომასალა განადგურდა. გასიმოვის თქმით, პენიტენციურ დაწესებულებებში მას არაადამიანური მოპყრობისა და ფიზიკური ძალადობის გადატანა უწევდა.
„ვინაიდან ამჟამად ეგზისტენციური საფრთხის წინაშე ვიმყოფები, გთხოვთ, დამეხმაროთ გავთავისუფლდე მძევლობიდან, გავაგრძელო სამეცნიერო საქმიანობა და უზრუნველყოფილი იყოს ჩემი უსაფრთხოება“, – აღნიშნავს გასიმოვი მიმართვაში.
გამოცემის ცნობითვე, როგორც პატიმარი ამბობს, მასზე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც სხვა მსჯავრდებულებთან ერთად „პოლიტპატიმრების დაცვის კომიტეტი“ შექმნა.
ბაქოს მეორე კოლონიის ექვსმა პატიმარმა 2025 წლის 24 ნოემბერს „პოლიტპატიმრების დაცვის კომიტეტის“ შექმნის შესახებ განაცხადა. ინიციატივის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ასეთი ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება იმ ფაქტის გათვალისწინებით მიიღეს, რომ აზერბაიჯანში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევებმა „კრიტიკულ დონეს მიაღწია და სისტემატური ხასიათი მიიღო“.
განცხადებას ხელი მოაწერეს გამომძიებელმა ჟურნალისტმა ჰაფიზ ბაბალიმ, ეკონომისტმა ფაზილ გასიმოვმა, პროფკავშირის აქტივისტმა აფიადდინ მამედოვმა, ყოფილმა პოლიტემიგრანტმა სამირ აშუროვმა, აქტივისტმა ლაჩინ ველიევმა და აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის წევრმა მეჰმან ალიევმა.
