4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნიკოლოზ გვენცაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება.

ინფორმაცია დღეს, 14 სექტემბერს, სააპელაციო სასამართლოში გაცხადდა. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და პირობები საბოლოოდ შეთანხმებული არ არის.

ნიკოლოზ გვენცაძე იყო ერთ-ერთი ბრალდებული 4 ოქტომბრის საქმის ე.წ. ორგანიზატორების, 10-პირიანი განაყოფიდან. სააპელაციო სასამართლოში ამ განაყოფის საქმეს მოსამართლე თეა ლეონიძე განიხილავს.

ამ ახალი გარემოების გათვალისწინებით, მოსამართლე თეა ლეონიძემ საქმის განხილვა გადადო და საქმიდან ცალკე გამოიყო ნიკოლოზ გვენცაძის საქმე. საპროცესო შეთანხმების საბოლოო მიღწევამდე მხარეებს შორის ჯერჯერობით უცნობია, როდის შედგება მომდევნო სხდომა ნიკოლოზ გვენცაძის გამოყოფილ საქმეზე და რომელი მოსამართლე განიხილავს და დაამტკიცებს გარიგებას დაცვისა და ბრალდების მხარეებს შორის.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების დადების კანონით განსაზღვრული საფუძველი ბრალის აღიარებაა.

ნიკოლოზ გვენცაძის გარდა, განაყოფ, როგორც უწოდებენ, ძირ საქმეში დანარჩენი ფიგურანტები არიან: პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი შაიშმელაშვილი, ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, თორნიკე მჭედლიშვილი.

თორნიკე მჭედლიშვილი უკვე თავისუფალია. ის ერთ-ერთია იმ 226 პატიმრიდან, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა.

მომდევნო სხდომას 4 ოქტომბრის „ორგანიზატორების“ საქმეზე მოსამართლე თეა ლეონიძე 5 ოქტომბერს ჩაატარებს.

ამ 10-პირიან საქმეზე განაჩენი საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ 2026 წლის 7 მაისს გამოიტანა.

  • პაატა ბურჭულაძე — 7 წელი;
  • მურთაზ ზოდელავა — 7 წელი;
  • ირაკლი ნადირაძე — 7 წელი;
  • პაატა მანჯგალაძე — 7 წელი;
  • ლაშა ბერიძე — 7 წელი;
  • ირაკლი შაიშმელაშვილი — 2 წელი;
  • ირაკლი ჩხვირკია — 5 წელი;
  • თორნიკე მჭედლიშვილი — 5 წელი;
  • ნიკა გვენცაძე — 5 წელი;
  • გური ჟვანია — 5 წელი.

რას ედავებიან თითოეულ მსჯავრდებულს, წაიკითხეთ აქ:

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ 10 პირს პატიმრობა შეეფარდა