4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ 10 პირს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება დღეს, 7 მაისს, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.
- პაატა ბურჭულაძე — 7 წელი;
- მურთაზ ზოდელავა — 7 წელი;
- ირაკლი ნადირაძე — 7 წელი;
- პაატა მანჯგალაძე — 7 წელი;
- ლაშა ბერიძე — 7 წელი;
- ირაკლი შაიშმელაშვილი — 2 წელი;
- ირაკლი ჩხვირკია — 5 წელი;
- თორნიკე მჭედლიშვილი — 5 წელი;
- ნიკა გვენცაძე — 5 წელი;
- გური ჟვანია — 5 წელი.
რას ედავებიან 4 ოქტომბრის საქმეზე 10-პირიანი საქმის ბრალდებულებს:
- პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს ედავებიან: 1) სტრატეგიული ობიექტის [ორბელიანების სასახლე] ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად; 2) ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას; 3) სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგისა და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.
- ლაშა ბერიძეს ედავებიან: 1) ობიექტის [ორბელიანების სასახლე] ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად; 2) ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას.
- პაატა მანჯგალაძეს — ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას.
- ირაკლი შაიშმელაშვილს — სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგისა და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.
- თორნიკე მჭედლიშვილს, ირაკლი ჩხვირკიასა და ნიკა გვენცაძეს — ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას.
- გური ჟვანიას — ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.
4 ოქტომბრის პროტესტი ბარიკადების ერთ მხარეს „მშვიდობიანი რევოლუციის მცდელობად“ შეფასდა, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა. „ოცნების“ რეჟიმმა კი ის „კონსტიტუციური წესრიგის დამხობის“, პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფური ძალადობის სისხლის სამართლის საქმედ აქცია. სწორედ ამას ედავებიან 4 ოქტომბრის საქმეებზე 64 ბრალდებულს.
64-პირიანი საქმე 10, 12, 13, 14, 15-პირიან საქმეებად დაშალეს, 5 მოსამართლეს და 6 პროკურორს გაუნაწილეს. ჯამში, დააპატმრეს 58 ადამიანი. აქედან 4 ადამიანი გირაოთია გათავისუფლებული — ექიმი/პროფესორი გოგი ჩახუნაშვილი, კრეატიული დირექტორი ია დარახველიძე, მცირეწლოვანი ბავშვის დედა მარიამ მეყანწიშვილი და კიდევ ერთი ადამიანი, ევა შაშიაშვილი, თავადაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით, შშმ შვილზე ერთადერთი მზრუნველი ქალი, რომელიც წინასაახალწლოდ გამოუშვეს საგანგებოდ დანიშნულ სხდომაზე.
ორი ბრალდებული დაკავებული არ არის და მიმალვაშია — გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი და კიდევ ერთი მოქალაქე, ანტონ უპერი, რომელთაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ და დაუსწრებლად შეეფარდათ პატიმრობა.
წაიკითხეთ დღეს დამნაშავედ ცნობილი პატიმრების საბოლოო სიტყვები: 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულთა საბოლოო სიტყვები
